გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

NDI უახლესი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

30-04-2018

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ჩღღჩ საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით მოსახლეობა გაყოფილია. მოქალაქეების თითქმის 40 პროცენტის შეფასებით, ქვეყანა - არასწორი მიმართულებით, 29 პროცენტის აზრით კი, სწორი მიმართულებით ვითარდება. დანარჩენი 29 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. გამოკითხვის თანახმად, მაღალია განცდა, რომ ქართული მედია დეზინფორმაციას უწყობს ხელს. მოსახლეობის 68 პროცენტმა განაცხადა, რომ ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას
ავრცელებენ, რაც აღემატება იმ ადამიანების რიცხვს (45 პროცენტი), რომლებიც ამავეს ფიქრობენ რუსული არხების შესახებ.

მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ რუსეთი (57 პროცენტი), ევროკავშირი (47 პროცენტი) და აშშ (45 პროცენტი) საკუთარი ინტერსების გატარების მიზნით საქართველოში ინფორმაციას ავრცელებენ. თუმცა მოსახლეობის 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი ცრუ და ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს. მოსახლეობის 25 პროცენტის აზრით, ევროკავშირი და 26 პროცენტის აზრით, აშშ-ც მიმართავენ მსგავს დეზინფორმაციას საქართველოში. "ქართული მედიისადმი გამოხატული ასეთი მაღალი უნდობლობა მაუწყებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის საგულისხმო უნდა იყოს. დეზინფორმაციის პრობლემა გლობალური გამოწვევაა, რომელიც დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს საფრთხეს უქმნის. ამ პირობებში აუცილებელია, რომ საქართველომ მოსახლეობისთვის სანდო მედია სივრცის შექმნას შეუწყოს ხელი"- განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. ევროკავშირში გაწევრიანებას - 75 პროცენტი, ნატოში წევრობას კი 65 პროცენტი უჭერს მხარს. 2017 წლის დეკემბრის შემდეგ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რიგებში მცირედი კლება შეინიშნება. ასევე, მოსახლეობის მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო, მაშინ როცა 42 პროცენტისთვის ეს ცუდი იყო. ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას მოსახლეობა გაყოფილია: 49 პროცენტი - ცუდად, 44 პროცენტი კი კარგად აფასებს. ეროვნული დონის ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად იუსტიციის სახლებს, ჯარსა და ეკლესიას აფასებენ, თუმცა 2015 წლის შემდეგ ეკლესიის შეფასება თითქმის 80 პროცენტიდან 56 პროცენტამდეა დაცემული. მოქალაქეები ყველაზე


ცუდად სასამართლოებს (30 პროცენტიანი ნეგატიური შეფასება და 14 პროცენტიანი დადებითი შეფასება) და პარლამენტს (35 პროცენტიანი ნეგატიური შეფასება; 2014-ში ეს მაჩვენებელი 10 პროცენტი იყო) აფასებენ. პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა დაბალია: 26 პროცენტი მასთან


ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 9 პროცენტი - "ნაციონალურ მოძრაობას", 4 პროცენტი კი - "ევროპულ საქართველოს". მოსახლეობის აზრით, ქვეყანაში კორუფციის პრობლემაა. 44 პროცენტის აზრით, კორუფციის პრობლემაა ცენტრალურ ხელისუფლებაში, 35 პროცენტის აზრით - ადგილობრივ ხელისუფლებაში, 29 პროცენტის აზრით კი - სახელმწიფო ინსტიტუტებში (როგორიცაა საჯარო რეესტრი, სახელწიფო საავადმყოფოები, სკოლები და სხვა). მოქალაქეების 63 პროცენტის შეფასებით, 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაზრდილია. "მოსახლეობა ხელისუფლების საქმიანობის შეფასებაში გაყოფილია და კვლავაც პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, რაც მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული უკეთესი პოლიტიკის აუცილებლობაზე მიუთითებს,"- განაცხადა თორნტონმა -"კორუფციისა და კრიმინალის ზრდის განცდა და დეზინფორმაციის პრობლემა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ყოველივე ეს დემოკრატიული რეფორმებისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების საჭიროებისკენ მიუთითებს." გამოკითხვის ფარგლებში, მოქალაქეებმა ოფიციალური პირებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების საქმიანობაც შეაფასეს. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე კარგად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებენ. თბილისელების 53 პროცენტმა დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მოსახლეობის 46 პროცენტს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს დავით სერგეენკოსადმი, 34 პროცენტს - დავით ბაქრაძისადმი, 31 პროცენტს კი - თეა წულუკიანისადმი; ამ სამს მთლიანობაში ყველაზე პოზიტიურად აფასებენ. NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.