30-04-2018
კოოპერატივი „ალაზნისთავი“ ბიო სტანდარტების გუდის ყველის წარმოებას გეგმავს.
კოოპერატივის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა აბულიძე ამბობს, რომ შესაბამისი სტანდარტების ყველის დასამზადებლად საჭიროა ზამთარში თუშეთში ცხვრის დატოვება, რათა თავიდან იყოს აცილებული რძის მავნე ნივთიერებებითა და აგროქიმიკატებით დაბინძურება.
,,ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ვაწარმოოთ ბიო სტანდარტების შესაბამისი გუდის ყველი, თუმცა ამ მხრივ გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს. ცხვარი შემოდგომაზე მთიდან შირაქისა და ელდარის საძოვრებზე გამოსაზამთრებლად გადაგვყავს, ის დაბინძურებული ბალახით იკვებება და შესაბამისად რძეში მავნე ნივთიერებები ხვდება. ბალახის დაბინძურების მიზეზი კი არის ცხვრის გადასარეკი ტრასა, რომელიც სხვადასხვა აგროქიმიკატით ბინძურდება. გუდის ბიო ყველი რომ აწარმოო კი საჭიროა ცხვარი ყველანაირად სუფთა იყოს. ამიტომ აუცილებელია, რომ ცხვარი გამოსაზამთრებლად თუშეთში დავტოვოთ“, - აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას პაატა აბულიძე.
აბულიძე აღნიშნავს, რომ ეკოლოგიურად სუფთა გუდის ყველზე ევროპის ქვეყნებში მოთხოვნა მაღალია, მაგრამ საწარმო, სადაც პროდუქციას შეფუთავენ, არ არსებობს, რაც, მისი აზრით, სერიოზული პრობლემაა.
"ჩვენ გვაქვს საწარმო, სადაც გუდის ყველს ვაწარმოებთ, მაგრამ ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ სტანდარტებს. ჩვენი სისუსტე პროდუქციის შეფუთვაა. ალვანში არსებული საწარმო, სადაც ამჟამად ვაფასოებთ ყველს, ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება იაპონიისა და ევროპის ბაზრებს. ამერიკის ბაზარზე ამ მხრივ პრობლემა არ გავქვს, რადგან იქ სხვა სტანდარტებია. ევროპიდან იყვნენ ჩამოსულები, გუდის ყველი ძალიან მოეწონათ, მაგრამ პროდუქციის შეფუთვის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება“, - ამბობს აბულიძე.
მეწარმე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ქვემო და ზემო ალვანის საზღვარზე იგეგმება ყველის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს აშენება, რის შემდეგაც პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას აპირებენ.
„დაწერილი გვაქვს პროექტი, რომელიც უკვე დამუშავებულია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ. შემოდგომიდან ვფიქრობთ, რომ ზემო და ქვემო ალვანის საზღვარზე ავაშენოთ ყველის საწარმო, რომელსაც თავისი სასაწყობე მეურნეობა ექნება. გეგმებში გვაქვს ყველის სადეგუსტაციო დარბაზის, ცხვრის საწველი პატარა, სადემონსტრაციო ბინის მოწყობას, რომელიც ძველებური აქსესუარებით იქნება აღჭურვილი. ეს ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება პროდუქციის ექსპორტს, ჩვენი ორიენტირი ევროპის ბაზარია. ჩვენმა პროდუქტმა შარშან, იტალიაში, ყველის მსოფლიო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. ჩვენმა ყველმა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესომ, ჯილდო დაიმსახურა. როდესაც აგემოვნებდნენ მას სპეციალისტები შვეიცარიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, ამბობდნენ, რომ თუ ეს ყველი ბიო სტანდარტის იქნება, ის 120 ევროზე მეტი ეღირება“, - ამბობს პაატა აბულიძე.
კოოპერატივ „ალაზნისთავის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი აბულიძე აღნიშნავს, რომ გუდის ყველი ქართული ყველის სახეობებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავარაგებული ყველის სახეობაა. კოოპერატივი, სადაც ოთხი სახეობის ყველს ამზადებენ, თუშეთში, გომეწრის ხეობაში, ბოლო სოფლიდან 15 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, მდებარეობს. ტერიტორია მიუვალია და პროდუქტის ტრანსპორტირება მხოლოდ ცხენებით არის შესაძლებელი.
,,ყველის უნიკალობას განაპირობებს ყველის დამზადების ტექნოლოგიიდან, რომელიც რძის გაწურვის ეტაპიდანვე იწყება. რძე იფილტრება სხვადასხვა სამკურნალო ბალახეულობაში და შემდეგ ამოყვანილი ყველი გუდაში 60 დღის განმავლობაში მწიფდება. გარდა ამისა, პროდუქტი ნატურალურია. ამ ადგილის გარდა, სხვაგან ეს ყველი იმავე გემოვნური თვისებებით ვერ დამზადდება. ეს ყველაფერი განპირობებულია ალპური და სუბალპური საძოვრებიდან მიღებული რძის ხარისხიდან. დავარგებული ყველის კუთხით ტრადიციულ ყველებს შორის არცთუ მდიდარი არჩევანი გვაქვს“, - აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი აბულიძე.
კოოპერატივი ,,ალაზნისთავი" ევროკავშირის პროექტის, ENPARD-ის მხარდაჭერით თუშეთში 2015 წელს შეიქმნა.