გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ გურამიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, მისი დაცულობა

1-12-2021

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამასთან, ახალი კორონა ვირუსისგან გამოწვეული პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა ფართოზოლოვანმა ინტერნეტ ქსელებმა და მათმა გამართულმა ფუნქციონირებამ, ქვეყანაში კრიტიკულად აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფის გასაგრძელებლად, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, ინფორმაციაზე წვდომის და სხვა მიმართულებებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.


ფორუმი, რომელიც მეშვიდედ ტარდება, ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia). ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).


მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში დაგეგმილი აქტივობების შესახებ. მათ შორის, გაგრძელდება მუშაობა „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებზე, მათ შორის სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტზე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელების მშენებლობის გამარტივების, ინვესტიციების მოზიდვის, კონკურენციის ზრდის, მოსახლეობაში ინტერნეტის და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების ამაღლების და სხვა ღონისძიებებზე.


გურამ გურამიშვილმა ხაზი გაუსვა მაღალმთიან რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს, რომლებიც გაგრძელდება. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბებასა და ყველა დაინტერესებული მხარესთან თანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნებული ინტერნეტ მმართველობის განვითარებაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები. ამასთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივებთან, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით დაიწყო მუშაობა „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის" პროექტის შემუშავებაზე და სხვა.


„სფეროს შემდგომ განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინტერნეტის სწორ მმართველობას და განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, მისი დაცულობა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილე და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, წინა პლანზე წამოიწია ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები; ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარება; აგრეთვე გახსნილი ტელეკომ ბაზრის და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივებმა; 5G ქსელების განვითარებამ; კიბერუსაფრთხოებამ, ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების და სხვა საკითხებმა.


„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნეს, მესამე სექტორთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ისეთი გლობალური მიზნების მისაღწევად, აუცილებელია მთელი ქვეყნის დაინტერესებული წრეების პოზიციათა დაახლოება და ერთობლივი მუშაობა, რაც დღემდე წარმატებით ხორციელდება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2-დღიანია და 10 თემატურ სესიას მოიცავს, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს განიხილავს.