გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც გასულ წელს 37.4 მილიონ ლარს, წელს კი - 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო წელს 52 მილიონ ლარამდე გაიზრდება

3-12-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მთავრობის მეთაურმა მიმართა და აღნიშნა, რომ ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.


„ჩვენ ვუერთდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს. საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს მიერ არის დაწესებული.

ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის სრულფასოვან მონაწილეობას განვითარების პროცესებში. ყველა ადამიანშია შესაძლებლობები, რომელთა რეალიზება, როგორც მათ ღირსეულ ცხოვრებას, ასევე – საზოგადოების ძლიერებას განაპირობებს. მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მოღვაწე მრავალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიღწევები ამის ნათელი მაგალითია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი კონსტიტუციით დადგენილია, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის".


ამდენად, ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. 2014 წელს მოვახდინეთ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაცია. ამით, ერთი მხრივ, ვაღიარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო მეორე მხრივ, ვიკისრეთ შესაბამისი ვალდებულებები, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.


ამ ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, გასულ წელს ჩვენმა პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ", რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები.


აღსანიშნავია, რომ მთავრობის კოორდინირებით, სამინისტროებმა, სახელმწიფო უწყებებმა და 64-ვე მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" 2021 წლის წლიური სამოქმედო გეგმები, რაც სწორედ ახალი კანონით დადგენილი ვალდებულებაა. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ძლიერდება სოციალური დაცვის პროგრამები, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია მოქალაქეებისათვის.


„ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი. გასულ წელს ბიუჯეტი 37.4 მილიონ ლარს, წელს კი - 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო წელს ბიუჯეტი გაიზრდება 52 მილიონ ლარამდე. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება სოციალური მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა სერვისების და ახალი მომსახურებების დაფინანსება.


ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინირებულ საქმიანობას არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომელიც წელს შეიქმნა ჩვენი გადაწყვეტილებით.

კომიტეტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. იგი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის კომიტეტის რეკომენდაციების, ასევე, ეროვნული ვალდებულებების კოორდინაციას და შესრულებას.


ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა და მისი პირველი, დღევანდელი სხდომა. კომიტეტს პირადად ჩემი და მთავრობის სახელით სრულ თანადგომას ვუცხადებ და ვპირდებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ამ საკითხის ხელშეწყობას და განვითარებას ქვეყანაში. დღევანდელ კომიტეტს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც აქ მობრძანდა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით - გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით შედგა.


ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ.