გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თეა წულუკიანი: სპორტული ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან, რაც აუცილებლად შეიცვლება

3-12-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სპორტულ ფედერაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტული ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან - დაფინანსების, ინფრასტრუქტურის, სპორტული ინვენტარის თვალსაზრისით და სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობს ფედერაციებს, რომლებიც ამ დრომდე დაჩაგრულად გრძნობდნენ თავს და აუცილებლად წაახალისებს მასობრივი სპორტის ხელშეწყობისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტებს.


„მე დავიწყებდი სპორტით, შემდეგ ვიტყოდი რამდენიმე სიტყვას ახალგაზრდობაზე და დავასრულებ ჩემს გამოსვლას კულტურით. ვიცი, რომ სპორტთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, ჯერ კიდევ თქვენს რიგებში როდესაც ვიყავი, ისმოდა ეს კითხვები, რომლებიც დღესაც აქტუალურია. ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებული გახლავთ 93 სპორტული ფედერაცია. მათ სხვადასხვა ფორმა აქვთ სამართლებრივად - ფედერაცია, კავშირი თუ ასოციაცია და ამ 93 ორგანიზაციიდან 65 სპორტული ფედერაცია, ასევე კავშირები და ასოციაციები ჯამურად საქართველოს ბიუჯეტიდან იღებენ 98 600 000 ლარს. აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება გაწერილია რაგბის კავშირისთვის, რომლის სამინისტროდან მიღებული ბიუჯეტი გახლავთ 27 500 000 ლარი. მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი, რომელიც სამინისტროდან იღებს 13 580 000 ლარს. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი. მთლიანობაში, როგორც მოგახსენეთ, ბიუჯეტი არის 98 600 000 ლარი. ეს ინფორმაციისთვის. ანალიზის მხრივ კი (რაც ჩემეული ანალიზია), მინდა მოგახსენოთ, რომ ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. ამაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, უთანასწორობას სამინისტროდან ყურადღების ხარისხის მხრივ და სრულ, თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მხრივ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


მისი თქმით, არავინ უარყოფს, რომ რაგბი და კალათბურთი არის სპორტის ის სახეობები, რომლითაც ქართველები ვამაყობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება.


„ეს არის ის, რაც თქვენ მიერ კანონის მიღების შემდეგ და ჩემი დანიშვნის შემდეგ ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად - რომ სპორტის სახეობები, იმისდა მიხედვით, თუ რა პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ უნდა განვავითაროთ ის, რითაც უკვე ვამაყობთ და მე როგორც ერთი ქართველი ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ დავესწარი რაგბის მატჩს და ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა ძალიან ძლიერ საფრანგეთის გუნდთან. ეს თამაში იყო არა მარტო საინტერესო, არამედ საამაყოც. ასევე, ვიამაყეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა და ჩვენმა მსოფლიო დონის სპორტსმენებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში. ერთი მხრივ უნდა გაგრძელდეს ამგვარი სპორტის სახეობებისათვის ხელშეწყობა. ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, არის მაღალი მიღწევები, რაც სპორტის არაერთ სახეობას აქვს. არ მეყოფა დრო, რომ ყველა ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი. ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც ძვრება ბორბალი, გვყავს მორბენალები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკები და გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ეს ასეა და რეალობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობისას ვმალავდი პრობლემებს, ვცდილობდი მათთან გამკლავებას და ასეა აქაც", - აღნიშნა მინისტრმა.


მისი თქმით, ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს - მშვილდოსნებს თბილისში სჭირდებათ ბაზა იმისთვის, რომ ივარჯიშონ და ახალგაზრდა მშვილდოსნები სროლაში არ ვარჯიშობდნენ თბილისის კორპუსების სარდაფებში. თეა წულუკიანის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტანმოვარჯიშეებს ჰქონდეთ თბილისში სათანადო საწვრთნელი ბაზა.


„აღარაფერს ვამბობ ჩვენს მოციგურავეებზე, რომლებსაც არ აქვთ სათანადო საციგურაო ინფრასტრუქტურა და მათ უწევთ სხვა ქვეყანაში ვარჯიში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვიხარია, ტაშსაც ვუკრავთ (მეც ასე ვიყავი, სანამ სპორტის მინისტრი გავხდებოდი) როგორ კარგად ციგურაობენ, როგორ კარგად ნიჩბოსნობენ, როგორ კარგად წარმოაჩენენ საქართველოს, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან დიდი პრობლემები, ძალიან დიდი შრომა და თითოეულ სპორტსმენს, არის ის თუ არ არის სამინისტროს მხრიდან დიდი ბიუჯეტით ხელშეწყობილი, მინდა ამ ტრიბუნიდან ვუთხრა ძალიან დიდი შრომისა და გამძლეობისთვის განსაკუთრებული მადლობა. ფედერაციებზე მე დარწმუნებული ვარ, კითხვა-პასუხის რეჟიმში არაერთი საკითხი წარმოიჭრება და რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. აქ დავძენ მხოლოდ იმას, რომ დიახ, ფედერაციები დამოუკიდებლები არიან, დიახ ფედერაციები არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან შესაბამისი სპორტის სახეობის წარმატებებზე, მაგრამ არცერთ ფედერაციას არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მათი მთავარი დონორი გახლავთ სახელმწიფო და უნდა არსებობდეს ელემენტარული ანგარიშვალდებულების სისტემა, რომელიც დღეს შესაბამის სტანდარტებს (მე ასე ვიტყოდი), არ აკმაყოფილებს. შესაბამისად სამინისტრომ უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს სახელმძღვანელო პრინციპებს სპორტული ფედერაციების წესდებებისთვის და ჩვენ გვექნება დისკუსია დაფინანსებასთან დაკავშირებით ყველა იმ ფედერაციასთან, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის ამ სტანდარტებს არ გაიზიარებს. ასევე, ჩვენ წლის ბოლოს ფედერაციებს წარვუდგენთ მათთან დაფინანსებაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების გაუმჯობესებულ ტექსტებს იმისათვის, რომ თანხების ხარჯვა იყოს უფრო გამჭვირვალე, არ იყოს თუნდაც უსაფუძვლო, მაგრამ ეჭვი გარკვეული ტიპის არამიზნობრივ ხარჯვაზე და ის ფული, რასაც ხარჯავთ თქვენ, რასაც ვხარჯავთ ჩვენ, ხალხი, სახელმწიფო და ბიუჯეტი პირველ რიგში ხმარდებოდეს სპორტსმენს და სპორტს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


მისი თქმით, ამისათვის საჭიროა სამინისტროში უფრო მეტი კომპეტენტური კადრის დასაქმება და სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ეს პროცესი, რომელიც არცთუ ისე უმტკივნეულოა.


„სამინისტრო კეთილს ინებებს და დაასაქმებს არა მხოლოდ კომპეტენტურ ადამიანებს, როგორიც მაგალითად აქ გახლავთ ჩემთან ერთად წარმოდგენილი დეპარტამენტის უფროსი, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სამინისტრო დაასაქმებს შეუვალ ადამიანებს იმიტომ, რომ სპორტის მიმართულებით ჩვენ გვჭირდებიან ისეთი საჯარო მოხელეები, რომლებსაც შეუძლიათ მილიონობით თანხებთან მუშაობა სუფთად, პატიოსნად და ყოველგვარი თუნდაც უსაფუძვლო ეჭვების წამოჭრის გარეშე. ეს გამოწვევაა, ამას გეუბნებით ღიად და ეს არის პროცესი, რომელიც დღეს სამინისტროში მიმდინარეობს, ვინაიდან ძალიან უპასუხისმგებლო იქნებოდა და სინდისთან მწყრალი ვიქნებოდი თუ ფედერაციებზე ვისაუბრებდი ბევრს და ვიტყოდი, რომ ამ მხრივ სამინისტროში ყველაფერი გამართულია", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.