3-12-2021
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შესახებ ისაუბრა. „ჩვენ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან გადმოგვეცა ახალგაზრდობის სააგენტო, რომლის როლიც საჭიროებს სერიოზულ გადააზრებას და ეს პროცესი დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე, რათა არ ისმოდეს მუდმივად წუხილი იმის შესახებ, რომ ეს სააგენტო ახალგაზრდობის ერთ კონკრეტულ ჯგუფს ემსახურება, მისთვის გადაცემული 4 მილიონ ლარზე მეტს და დონორების გრანტებს - არაერთ მილიონ ლარს ხარჯავს არცთუ ისე შედეგიანად იმიტომ, რომ თქვენ ბევრ ახალგაზრდას ნახავთ საქართველოში, რომელმაც საერთოდ არც კი იცის, რომ ასეთი სააგენტო არსებობს. აქვე აღვნიშნავ, რომ აღარ მოვისმინოთ საუბარი იმაზე, რომ საზაფხულო ბანაკები მიტოვებულია. მე გახლდით ამ ბანაკებში და რეალურად, თუ არა ის ხალხი, ვინც დარაჯობს ამ ბანაკებს, იქ სიცოცხლის ნიშანწყალს ვერ ნახავთ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი გეგმა, რომლის დაწყებასაც სამინისტრო აპირებს მიმდინარე წლის დეკემბერში. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრომ გადაამუშავაის სტრატეგია, რომელიც უნდა დამტკიცდეს ახალგაზრდობის დარგში. „დაგვხვდა პროექტი, რომელიც უნდა დავამტკიცოთ. საუბარია ამ ბანაკებში ყოფნის სტანდარტზე იმიტომ, რომ როდესაც არაერთი ახალგაზრდა, მით უმეტეს არასრულწლოვანი თანხმდება და თავს იყრის საზაფხულო და საგაზაფხულო ბანაკში, იქ რა თქმა უნდა, პროცესი ვერ იქნება მიშვებული თავისუფალ დინებაზე და სამედიცინო და სხვა სტანდარტები უნდა იყოს დაცული. დასამტკიცებელი გვაქვს მოხალისეობის სტანდარტი და მინდა გითხრათ, რომ იმ ბიუჯეტიდან, რომელიც არ არის უსასრულო, ჩვენ ვთქვით, რომ ახალგაზრდების
სეგმენტში პრიორიტეტად ვაქცევთ 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდებს", - განაცხადა მინისტრმა.