3-12-2021
მიმდინარე წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ ერთი წლის ვადით აირჩიეს. აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის აქტიურ წარმოჩენას და პოზიციონირებას ევროპის საბჭოს სტრუქტურებში, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას.
გარემოს დაცვის სფეროში ბერნის კონვენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. კონვენციის დანერგვისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისათვის, საქართველოში ზურმუხტის ქსელი შეიქმნა და მისი განვითარება მიმდინარეობს.
2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში, ზურმუხტის ქსელი 66 ტერიტორიისგან შედგება და მისი ფართობი 1 307 501 ჰექტარს შეადგენს. ამ ეტაპზე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმების შემუშავება მიმდინარეობს.