გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თეა წულუკიანი: დიახ, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი იქნება აღდგენილი

3-12-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა სამუზეუმო რეფორმებზე და ფონდებისა და ექსპონატების მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.


„მიუხედავად იმისა, რომ ეს ამოუწურავი თემაა, მე ღიად ვაცხადებ, რომ ვითარცა საბჭოთა კავშირმა არ გაამართლა, ასევე არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია, როგორიც არის მაგალითად, სპორტის მუზეუმი, როგორიც არის ყველაზე დიდი ანუ მნიშვნელოვანი მუზეუმი საქართველოში - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა მუზეუმები. უნდა მივანიჭოთ ის ავტონომია და თუ საჭიროა დამოუკიდებლობაც, რომელსაც ეს მუზეუმები განვითარებისთვის საჭიროებენ" - აღნიშნა თეა წულუკიანმა.



მინისტრმა აღნიშნა, რომ ფოტომასალაც აქვს პარლამენტში წამოღებული ურწმუნოებისთვის, თუ სხდომათა დარბაზში ასეთები არსებობენ, იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იმართებოდა ბოლო 15 წლის მანძილზე ერთი და იმავე ხელმძღვანელების მიერ ეროვნული მუზეუმის გაერთიანება, რომელიც რეალურად ზოგ შემთხვევაში არის ძალიან ლამაზი ფასადი.


„ამას არც ევროპულ სტანდარტთან არ აქვს არავითარი კავშირი და არც სხვა რაიმე ტიპის სამუზეუმო სტანდარტთან. ჩვენ დღე-დღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას. აუდიტის შემოწმება ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე ხნის წინ დასრულდა და, რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ იმ რეკომენდაციებით, რომლებიც იქნება მოცემული იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ეროვნული მუზეუმის მმართველობა და დავნერგოთ კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპები," - განაცხადა მინისტრმა.


სიტყვით გამოსვლისას, თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა ფონდების და ექსპონატების მდგომარეობაზე.


„ფონდები მოსაწესრიგებელია და ამჟამად ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. მაგალითისთვის, ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2012 წლამდე საელჩოებისათვის გადაცემული 117 ექსპონატიდან (ძირითადად, ძვირადღირებული ფერწერული ტილოები), 53 სავარაუდოდ დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება.


მე მინდა ჩეხეთში ჩვენს საელჩოს და ჩემს პირველ მოადგილეს ვუთხრა მადლობა, ვინაიდან საელჩოებიდან გადარჩენილი ფერწერული ტილოების დაბრუნების პროცესი დაიწყო და ჩეხეთში ჩვენი საელჩო იყო ამ მხრივ პირველი მერცხალი. დანარჩენ საელჩოებთან, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი კოლეგა, ბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი ვმუშაობთ იმისთვის, რომ ექსპონატები დაბრუნდეს ეროვნულ გალერეასა და ხელოვნების მუზეუმში," - განაცხადა თეა წულუკიანმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, იქნება სხვა დანაკლისებიც, რის შესახებაც გარკვეული ინფორმაციები არსებობს და ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიდება.


„ხელოვნების მუზეუმზე არ დავკონკრეტდები დიდხანს იმიტომ, რომ არ ვთვლი საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებსაც მაშინ, როდესაც მე „რუპორით" ხელში ვიდექი ქუჩაში, კულტურის სამინისტროს კიბეებზე და ვყვიროდი, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი ცუდ დღეშია, ეს ადამიანები ისხდნენ კაბინეტებში, თანამშრომლობდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან და ჭამდნენ ბატი-ბუტს, ალბათ, ან არ ვიცი რას. მათთან პოლემიკაში არ შევალ. მოკლედ ვიტყვი - დიახ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი. ამჟამად, კონსტრუქტორების მიერ მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ, რა ფორმით არის ამ კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენა შესაძლებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.