3-12-2021
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქმნის ორ ლაბორატორიას. ერთი ლაბორატორია იქნება სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ვინაიდან დღეს არ არსებობს არავითარი ექსპერტიზა, რომელიც იტყვის, რომ მაგალითად, ეს ფიროსმანია, ან არ არის ფიროსმანი, რომელიც იტყვის ვინ არის კონკრეტული ნამუშევრის ავტორი. ამასთან დაკავშირებით ამჟამადაც გვაქვს სასამართლო დავები", - განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მეორე ლაბორატორია შეიქმნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რაშიც კულტურის სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურების სახით ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ირაკლი ფარჯიანის საერთაშორისო ფონდმა.
„შესყიდვის პროცედურები დაწყებულია და თუ ჩვენი იმედები გამართლდა და კარგად ვიმუშავეთ, ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ფართო გაგებით, ჩვენს რეგიონში ყველას შევთავაზებთ სახელოვნებო ექსპერტიზას იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია მათ შორის, კოლექციონერები, ან ოჯახები, ვისაც სჭირდება შეაფასოს მათ მფლობელობაში არსებული ნივთი იმისათვის, რომ ან გაყიდოს ან შესაბამის ფასად გადასცეს მუზეუმს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.