3-12-2021
ააიპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლებისა და განვითარების ასოციაციისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგად, სოფელ ნახიდურში შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი გაიხსნა.
ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონია სიმბოლურად 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. ცენტრი მიზნად ისახავს შშმ და სსსმ პირებისთვის შექმნას ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, სადაც ბენეფიციარებს ინდივიდუალური საჭირო მოთხოვნებიდან გამომდინარე, აკადემიური სწავლების გარდა, ფიზიკური უნარების განმავითარებელი გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე, მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ლელა კვირიკაშვილი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბოლნისის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მოხარული ვარ, რომ დღეს 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, მუნიციპალიტეტისა და ააიპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლებისა და განვითარების ასოციაციის“ თანამშრომლობით, სოფელ ნახიდურში შშმ და სსსმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი 6-წლიდან 18-წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბენეფიციარებს მოემსახურება და მათ სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არაერთი სოციალური პროგრამა აქვს შემუშავებული. თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ცენტრალური ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ცდილობს შშმ პირთათავის მორგებული, ინკლუზიური გარემო შექმნას და ამ მხრივ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დახვეწას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.