გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკონომიკის სამინისტრო "ტვ პირველს" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

6-12-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის" მიერ მომზადებული სიუჟეტი, ჩვენი შეფასებით, ხაზგასმით წარმოაჩენდა ამ ტელეკომპანიის მიკერძოებულ პოლიტიკურ ინტერესს, არასრულად მოპოვებული ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, არაპროფესიონალიზმს, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევას. სიუჟეტის მომზადებისას ჟურნალისტმა ისარგებლა არა გადამოწმებული ფაქტებით, არამედ საკუთარი შეხედულებებით. არც მას და არც პროდუსერს არ უცდიათ ინფორმაციის გადამოწმება, ან დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც სულ სხვა რეალობას აჩვენებდა სიუჟეტის ავტორს და ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, აგრეთვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ტელეკომპანიის მაყურებელს, რომელმაც მიუკერძოებული ჟურნალისტური ნამუშევრის ნაცვლად მიიღო დეზინფორმაცია და სიყალბე.

სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად ტელეკომპანიის წარმომადგენლებს შეეძლოთ მოემართათ სამინისტროსთვის და მიიღებდნენ დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, მაგალითად, იმავე „ვინოტელში," რომელიც სიუჟეტში ჩვენი სამინისტროს „განცხრომის" ადგილად არის წარმოჩენილი და მეტი დამაჯერებლობისთვის კადრში ერთ-ერთი სადილის ინვოისიც გვაჩვენეს, დოკუმენტში მითითებულ თარიღში ეკონომიკის სამინისტრომ უმასპინძლა კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანიის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და მის თანმხლებ 15 კაციან დელეგაციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ „ვინოტელში," 2021 წლის განმავლობაში, ასევე ვუმასპინძლეთ იაპონიის, იტალიის, ამერიკის, თურქეთის, ყაზახეთის, ინდოეთის, სომხეთის, უკრაინის სხვადასხვა დელეგაციებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტებით იმყოფებოდნენ.

კიდევ ერთი ობიექტი, სადაც, ჟურნალისტის შეფასებით, „ეკონომიკის სამინისტრო ათი ათასობით ლარს ხარჯავს ჭამა-სმაში," რესტორანი „სირაჯხანა" აღმოჩნდა, რომელიც შპს „მუზეუმს" ეკუთვნის. კადრში ჩანს 2021 წლის 21 აპრილით დათარიღებული ინვოისი და წარმოდგენილია ჟურნალისტის შეფასებაც, რომ „ეკონომიკის სამინისტრომ სუფრა თავისთვის გაიშალა." რეალურად, 2021 წლის 21 აპრილს, ამ რესტორანში გაიმართა საქმიანი სადილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა, სიუჟეტში ნათქვამი იყო აშკარა ტყუილი, რომ რესტორანში, 2019 წლის მერე არც ერთი დელეგაცია თვალით არ უნახავთ.

სიუჟეტში ასევე ნახსენები იყო რესტორანი „მარანი," სადაც, 2021 წლის 13 მაისს, ეკონომიკის სამინისტრომ სადილი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის, ტრასეკას გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში თბილისში მყოფი სტუმრების გასამასპინძლებლად შეუკვეთა.

აღარ გავყვებით დეტალურად სიუჟეტში ჩამოთვლილ სხვა ბრალდებებს, არც იმ რესტორნების ხარჯებს, რომელთა ჩამონათვალიც რამდენჯერმე მეორდება კადრებში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ხარჯი არის კანონიერი, ხოლო მათი ამსახველი დოკუმენტაცია თუ მიზნობრიობა ხელმისაწვდომი და კონტროლირებადია. ჩვენი განცხადების მიზანია წარმოვაჩინოთ ის ტენდენციურობა, ტყუილი და ცილისწამება, რომელსაც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად იყენებს ხოლმე აღნიშნული ტელეკომპანია ხელისუფლების სხვადასხვა უწყების წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამარცხვინო იყო ჟურნალისტის პირად მოსაზრებებსა და ტელეკომპანიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე აგებული, საზოგადოებაზე მანიპულაციისთვის შექმნილი მესიჯებით აწყობილი სიუჟეტი, რომლის მიზანი ძალიან კარგად არის გასაგები ჩვენთვისაც და დარწმუნებულები ვართ, მაყურებლისთვისაც" - აცხადებენ სამინისტროში.