7-12-2021
მიმდინარე წლის ნოემბერში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოსვენებულ იქნა 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირის_ 5 სამხედროს _ აქვსენტი (ტასო) ალექსანდრეს ძე ნაჭყებიას, გურამ დავითის ძე ჩიქოვანის,ვახტანგ (ლესიკა) ჭიჭიკოს ძე დანელიას, სლავიკ ალექსანდრეს ძე გოგოხიას, ზაურ ილიას ძე დამენიას და 3 მშვიდობიანი მოქალაქის- გერონტი თედორეს ძე მუშკუდიანის, მაკარ გარსევანის ძე რუხაიასა და ლიდია ივანეს ასული ჩიხლაძის იდენტიფიცირებული ნეშტები. გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 8 დეკემბერს, 17 საათიდან და 9 დეკემბერს 11:00 – 14.00 საათზე, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში; 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, 4 მებრძოლს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 4 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.
მებრძოლები:
აქვსენტი (ტასო) ალექსანდრეს ძე ნაჭყებია_ დაიბადა 1962 წლის 17 თებერვალს, სოხუმში. იყო 23 -ე ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მებრძოლი; 1993 წლის 14-16 მარტს, გუმისთის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის, სიცოცხლეშივე დაჯილდოვდა ''ღირსების ორდენით''. დაიღუპა 1993 წლის 21 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას; მისმა დამ და თანამებრძოლებმა დაკრძალეს სოხუმში, ბზიფის გზატკეცილზე, საკუთარი სახლის ეზოში. სიკვდილის შემდეგ, 1998 წელს, მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი; 2014 წელს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვეძისის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, აქვსენტი (ტასო) ნაჭყებიას სახელი მიენიჭა; მას, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
გურამ დავითის ძე ჩიქოვანი_ დაიბადა 1947 წლის 12 აპრილს; ქ.წულუკიძეში (ახლანდელი ხონი); ოჯახი ცხოვრობდა განთიადში; ადრეული წლებიდან იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. იყო 23-ე ბრიგადის გაგრის მეოთხე ბატალიონის მებრძოლი; გაგრის დაცემა რომ შეიტყო,ჩავიდა განთიადში,რომ ახალგაზრდა მებრძოლები ტყით გამოეყვანა, სადაც, მწყემსივით გადაცმული,აფხაზ სეპარატისტებსა და სომეხ ბოევიკებს გადააწყდა, რომელთაგან,ერთ-ერთმა გურამი ამოიცნო და მოკლა, სავარაუდოდ,1992 წლის 6 ოქტომბერს,რის შემდეგაც,უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი ოჯახის მცდელობის შედეგად, მიაკვლიეს პირს,რომელმაც ის ტყეში დაკრძალა; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევის შედეგად,გაიხსნა სამარხი და მოხდა ნეშტის იდენტიფიცირება. გურამ ჩიქოვანს, 1998 წელს,სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი მიენიჭა. მას,სამხედრო პატივით,დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ვახტანგ (ლესიკა) ჭიჭიკოს ძე დანელია _ დაიბადა 1950 წლის 2 იანვარს, გაგრის რაიონის, სოფელი კოლხიდაში; იბრძოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 114-ე ბატალიონში ''ავაზა''. 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშში, რუსულ დესანტთან შეტაკებისას დაიღუპა. დაკრძალული იყო სოხუმში, კურჩენკოს პარკში. სიკვდილის შემდეგ, 1997 წელს, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი მიენიჭა. ვახტანგ დანელიას, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
სლავიკ ალექსანდრეს ძე გოგოხია_ დაიბადა 1959 წლის 24 ივლისს, გაგრაში. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის პოლიციის თანამშრომელი; 1992 წლის 2 ოქტომბერს, ალყაშემორტყმული ქალაქიდან, მშვიდობიანი მოსახლეობის განთიადისკენ გაყვანის დროს, მოწინააღმდეგის ტყვიამ იმსხვერპლა. დაკრძალული იყო გაგრაში, საკუთარი სახლის ეზოში. სიკვდილის შემდეგ, 1998 წელს, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი მიენიჭა. სლავიკ გოგოხიას, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ზაურ ილიას ძე დამენია_ დაიბადა 1940 წლის 25 აგვისტოს, გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში; აფხაზეთის ომის დროს, სოფლის მაცხოვრებლებმა შექმნეს მოხალისეთა რაზმი, რომელშიც ზაურიც გაწევრიანდა. რაზმი მდინარე კოდორის გასწვრივ იყო განლაგებული და ქართული მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდა.1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სოფელში შემოსულმა აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო-კავკასიელმა კონფედერატებმა,ყველა ეთნიკური ქართველი დახოცეს,მათ შორის, ზაურ დამენიაც. იგი, მისი საკუთარი სახლის ეზოში, დაკრძალა კარის მეზობელმა,რომელიც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ზაურ დამენიას,ფოთში,მალთაყვის სასაფლაოზე,სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
მშვიდობიანი მოქალაქეები:
გერონტი თეოდორეს ძე მუშკუდიანი_ დაიბადა 1928 წლის 9 მაისს, ლეჩხუმში. 1992 წლის 9 ნოემბერს დახვრიტეს საკუთარ ეზოში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში. დაკრძალული იყო საკუთარი სახლის ეზოში.
მაკარი გარსევანის ძე რუხაია_ დაიბადა 1927 წლის 21 იანვარს, ცხაკაიის (ახლანდელი სენაკის) რაიონის სოფელი ლეძაძამეში. 1961 წლიდან ცხოვრობდა აფხაზეთში, დაბა გულრიფშში. 1993 წლის 29 სექტემბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს საკუთარ სახლში. დაკრძალული იყო საკუთარ ეზოში.
ლიდია ივანეს ასული ჩიხლაძე_ დაიღუპა 1995 წელს, გუდაუთის რაიონის სოფელ აბგარხუკში. დაკრძალული იყო საკუთარი სახლის ეზოში.
2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, 598 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 219 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. მთლიანობაში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.