გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

MVNO ასოციაცია: MVNO-ების შექმნა ხვალინდელი დღეა და ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება

9-12-2021

მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ასოციაციის წევრმა და კომპანია GNC-ის დირექტორმა გიორგი შამუგიამ საქართველოში MVNO-ს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში MVNO ოპერატორების განვითარება პარტნიორობაზე და ქსელის ოპერატორებსა და MVNO მსურველებს შორის სწორ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, თითქმის ერთი წელია MVNO მსურველი კომპანიები და ასოციაცია სამივე დიდ ოპერატორთან ცდილობს მოლაპარაკებას, მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესი დროში გაჭიანურდა. ამასთან შამუგიას თქმით, ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, ორი დიდ კომპანიასთან ჯერ ისევ პროცესის დასაწყისში არიან, ხოლო კომპანია „მაგთიკომთან“ უკვე იპოვეს გადაკვეთის წერტილები, შამუგიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება და ორივე მხარე სარგებელს მიიღებს.


„MVNO აუცილებლად კონკრეტულ ნიშას უნდა ემსახურებოდეს, კონკრეტულ სეგმენტს უნდა სთავაზობდეს სერვისს და უგვარებდეს მათ არსებულ პრობლემებს, MVNO-ებისთვის ბევრი ნიშა არსებობს, რომელიც არ არის ათვისებული დიდი კომპანიების მიერ და სწორედ ეს აუთვისებელი მიმართულებები უნდა განავითაროს ვირტუალურმა ოპერატორებმა. უნდა მოერგოს კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს ან სფეროს, მაგალითად ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და შეიძლება ტურისტებზე გათვლილი MVNO იყოს ძალიან საჭირო და ეფექტური“,- განაცხადა გიორგი შამუგიამ.


კომპანია „ინექსფონის“ დირექტორი და MVNO ასოციაციის წევრი რატი ახვლედიანი იზიარებს მისი კოლეგის მოსაზრებას, ახვლედიანი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ „მაგთიკომთან“ წარმატებული მოლაპარაკება მაგალითი იქნება ბაზარზე არსებული ორი დიდი კომპანიისთვისაც, რომლებიც ერთი წელია მოლაპარაკების პროცესში არ ერთვებიან.


„დიდი ოპერატორები ორიენტირებული არიან ფართოაუდიტორიაზე, რასაცსაქართველოში სამივე დიდი ოპერატორი ისედაც კარგად მართავს და ახერხებს. MVNO ოპერატორები კონკრეტული სეგმენტისთვის მორგებულ პროდუქტებს ქმნიან და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ნიშების სრულად ათვისება, დიდი ოპერატორები ვერ შეძლებენ, რომ ყველა პატარა ნიშა აითვისონ რადგან მათი პროდუქტი ვერ გაითვალისწინებს ცალკე ვიწრო ინტერესს და ეს არც არის მათი ამოცანა. მე ძალიან მკაფიოდ ვხედავ, რომ MVNO შექმნა ხვალინდელი დღეა და ჩვენ ქვეყანას ძალიან ჭირდება“,- განაცხადა რატი ახვლედიანმა.


პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო კომპანია „მაგთიკომის“ კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ დავითაშვილმა. მისი განცხადებით, „მაგთიკომი“ ჩართულია MVNO მსურველებთან მოლაპარაკებებში, თუმცა, დასძენს, რომ მისი კომპანია სავალდებულო დაშვების წინააღმდეგია.


„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, რომელსაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები სჭირდება, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთობლიობაში გათვალისწინებული და ისე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი გადმოსახედიდან ერთ-ერთი ყველაზე შემაფერხებელი და პრობლემური საკითხი MVNO-ს მიმართულებით არსებული სავალდებულო დაშვების რეგულაციაა. ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაჟღერებული, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლოთ, ოღონდ პარტნიორული წესით, კომერციულ საწყისებზე და არა დაძალებული წესით. ჩვენ ვართ ღია და მზად ვართ ნებისმიერ პოტენციურ Mvno-თან თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ნიკოლოზ დავითაშვილმა.


აღნიშნულ თემაზე გამართულ დისკუსიაში კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ განაცხადა, რომ კომისია კიდევ ერთხელ მიესალმება მაგთიკომის მიერ გაცხადებულ მზაობას მობილური ვირტუალური ოპერატორის დაშვებასთან დაკავშირებით და თავის მხრივ ადასტურებს კომისიის მიერ ადრე გაცხადებულ პოზიციას. კერძოდ, თუ მოხდება კომერციულ საწყისებზე მსურველი ვირტუალური ოპერატორების დაშვებადა ვირტუალური ოპერატორები შეძლებენ ოპერირებას ურთიერთხელსაყრელ პირობებში, რაც კომისიის გადაწყვეტილებების მთავარი მოტივაცია იყო, კომისია მზადაა გადაიხედოს წინასწარი რეგულიების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება რომელიც დღეისთვის გადავადებულია სწორედ ამავე მიზეზით - რათა მხარეებს მიეცეთ დრო მოილაპარაკონ ურთიერთხელსაყრელ დაშვების პირობებზე.


„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბაზარზე იყო შეფერხებები და დაბრკოლებები კომისიამ სიღრმისეული კვლევის და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მიიღო სავალდებულო დაშვების რეგულაცია. თუმცა ისევ ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე სავალდებულო დაშვების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა, შესაბამისად მხარეებს აქვთ საკმარისი დრო, რომ კომერციულ საწყისებზე მოილაპარაკონ და მოხდეს ქართულ ბაზარზე MVNO დაშვება.


შესაბამისად თუ დავინახეთ, რომ ორმხრივი ინტერესი სახეზეა და მოლაპარაკებების გზით მოხდება დაშვება, სავალდებულო რეგულაცია საჭირო აღარ იქნება“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.


კომუნიკაციების კომისიის წევრისგანცხადებით, MVNO სავალდებულო დაშვების რეგულაცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დღესაც არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ ვირტუალურ მობილურ ოპერატორებს დიდი პერსპექტივა და პოტენციალი აქვთ.


„არსებობს ჩვენთან ახლოს მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რომლებსაც ჩვენზე ორჯერ დიდი ტელეკომ სექტორი აქვთ, აქედანაც ჩანს, რომ ტელეკომ ბაზარი ჩვენთან სრულად არ არის ათვისებული და ვირტუალურ ოპერატორებს დიდი პოტენციალი აქვთ. ჩვენმა ევროპელმა ექსპერტმაც დაადასტურა, რომ მთავარი და მნიშვნელოვანი არის კონკრეტული ნიშების ათვისება, რაც არ იწვევს ბაზრის კანიბალიზაციას, არამედ პირიქით ზრდის ბაზარს, ნიშების ათვისება უკან ბრუნდება ქსელურ ოპერატორთანა. ერთი რაც მნიშვნელოვანია და გაჟღერდა „მაგთიკომის“ წარმომადგენლებისგან, რომ ისინი მზად არიან კომერციულ საწყისებზე გააგრძელონ მოლაპარაკებები, ეს პოზიტიური ინდიკატორია ჩვენთვის როგორც მარეგულირებლისთვის. მთავარია სწორი ბიზნეს მოდელის მოფიქრება და პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ამიტომ ყველა მხარეს მოვუწოდებ გააკეთონ თავისი მაქსიმუმი“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.


აღნიშნული განცხადებები ინტერნეტ მმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმზე გაკეთდა, სადაც პანელზე - „მობილური ვირტუალური ოპერატორების დაბრკოლებები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ფართო დისკუსია გაიმართა. პანელი, რომელიც MVNO ოპერატორების დაშვების საკითხს მიეძღვნა, მონაწილეობა ევროკავშირის ექსპერტმა ალან რასმუსენმა, მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაცის წევრებმა, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ქსელურმა ოპერატორმა და კომუნიკაციებს კომისიის წარმომადგენლებმა მიიღეს. მხარეები MVNO შესახებ თითქმის საათნახევრის განმავლობაში მსჯელობდნენ და ყველა მნიშვნელოვანი საკითზე გაცვალეს მოსაზრებები.