9-12-2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. ამ მიზნით, N5 (ქალთა) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ორგანიზებით ქალ პატიმრებთან მათი უფლებების დაცვის და ქალთა მიმართ ძალადობასთან გამკლავების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და მისი მოადგილე გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.
თამარ ტყეშელაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები, მნიშვნელოვანია, რათა ქალ მსჯავრდებულებს საკუთარი უფლებების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. მისი თქმით, შეხვედრების ციკლი მომავალიც აქტიურად გაგრძელდება.
,, იუსტიციის სამინისტრო შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას. ჩვენ დღეს ქალთა N5 დაწესებულებაში ქალთა უფლებების თაობაზე შეხვედრა/დისკუსია გავმართეთ. მითუფრო, რომ ეს არის სამიზნე ჯგუფი, რომელთათვისაც განსაკუთრებით აუცილებელია მათი უფლებების შესახებ ცოდნა და ცნობიერების ამაღლება. შეხვედრამ კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა და ამგვარი შეხვედრების ციკლს აუცილებლად გავაგრძელებთ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა.
მსჯავრდებულებთან შეხვედრის ფარგლებში, ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე ვიდეორგოლის ჩვენებაც მოეწყო და ასევე საუბარი გაიმართა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.