10-12-2021
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში 14 პროექტს, ჯამში, 257 919 ლარით დააფინანსებს. კონკურსის გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და კერძო პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გამარჯვებულებს წარმატება პირადად მიულოცა.
საგრანტო პროექტები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებებით იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე წლის 30 ივლისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა 42-მა ორგანიზაციამ და კერძო პირმა მიიღო.
"საგრანტო კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდაა. გამარჯვებული პროექტებით განხორციელდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები და აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას.
სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს" - აცხადებენ უწყებაში.