გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისის სოფელ ჭაპალაში მდებარე ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

1-05-2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში მდებარე ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ციხე კლდის თხემზეა აგებული.

„ნაგებია დუღაბზე სხვადასხვა ტიპის ნატეხი ქვისა და აგურის მონაცვლეობით. წაგრძელებულია ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძზე. შედგება ორი ნაწილისგან: ქვედა ციხე და ციტადელი. ქვედა ციხე კლდის თხემზე ოთხივე მხრიდან გალავნისა და მასზე მიდგმული ნახევარწრიული ბურჯებით შემოზღუდული სივრცეა. სამხრეთით კუთხეებში წრიული კოშკებია ჩართული. ბურჯების ერთი ნაწილი პირდაპირ კლოვან ქანზეა დასმული, რაც მათ სიმყარეს კიდევ უფრო ზრდიდა. ქვედა ციხის ეზოში კლდეში გამოკვეთილი კიბეები და წყლის რეზერვუარებია.

ქვედა ციხის ეზოში, გათხრების შედეგად გამოვლინდა მიწაში სანახევროდ ჩამჯდარი სწორკუთხა, თაღოვანი ნაგებობა. ის ქვითაა ნაგები, შეისრული კამარა კი აგურითაა გადაყვანილი. ჩრდილოეთის კედლის ქვედა ნაწილში თიხის მილია დატანებული. ნაგებობა წყლის რეზერვუარადაა მიჩნეული. მის გასწვრივ მოწყობილი ყოფილა სათონე და მარანი. აკროპოლისი ქვედა ციხის ჩრდილოეთ ნაწილში, უფრო შემაღლებულ კლდეზეა აგებული. ტერასობრივია. პირველ ტერასაზე ასასვლელად საფეხურები კლდეში ისეა გამოჭრილი, რომ შორიდან საერთოდ არ აღიქმება. ქვედა ტერასაზე მოხვედრა ციხეში ასასვლელი ვიწრო კარითაა შესაძლებელი, რომლის ერთ მხარეს ნახევარწრიული ბურჯია. ბურჯი ქვედა ციხის მხარესაა მიმართული და მასში ორმაგი სათოფურებია გაჭრილი. აკროპოლისში შესასვლელი კარები ისე მოხერხებულადაა მოწყობილი, რომ შეღწეული მტერი ზემოდან სასროლ არეში ხვდებოდა. კარის თავზე, მეორე ტერასაზე კიდევ ერთი საბრძოლო კოშკია. ამ კოშკიდან კლდის ძირში ვიწრო ბილიკია გაჭრილი სულ ზედა, მესამე ტერასაზე ასასვლელად. აქ სასიგნალო კოშკია აშენებული. გვიანი შუა საუკუნეების წყაროებში მოხსენიებულ ჭაპალას (იგივე ქოჩულოს) ციხეს მეცნიერთა ნაწილი აიგივებს განვითარებული შუა საუკუნეების ქავაზიანთან. ისტორიკოს ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით, აქვე უნდა ყოფილიყო გაჩიან-ცურტავიც – ქართლის პიტიახშის რეზიდენცია“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

1tv.ge