2-05-2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კომპანია „ფერისა“ და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტების მიმდინარეობის საკითხი განიხილა.
შპს „ფერი“ დარიალის გვირაბს აშენებს, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ კი სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელ გზას. ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის და რეგიონისთვის, ორივე პროექტი უმნიშვნელოვანესია როგორც ტურისტული, ასევე - ეკონომიკური თვალსაზრისით.
დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. გვირაბის მშენებლობა სრულად მოაგვარებს პრობლემას და ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა. რაც შეეხება, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელ გზას, პროექტის დასრულების შემდეგ, გერგეტის სამებამდე ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები გრუნტოვანი, დაზიანებული გზის ნაცვლად, შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით.
დარიალის გვირაბის მშენებლობა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. სტეფანწმინდა-სამების ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე, ამ ეტაპზე, საპროექტო ცვლილებები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამუშაო აქტიურად განახლდება.