14-12-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურად გახსნა, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ცენტრის ორგანიზებით წელს მეჩვიდმეტედ იმართება.
საერთაშორისო კონფერენცია „Euscaro-Caucasica. იბერიულ-კავკასიური და ბასკური ენები და ძველი ქართული ლიტერატურა“ იბერიულ-კავკასიური ენების გენეტიკური ნათესაობისა და ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის საკითხების განხილვას ისახავს მიზნად და გამოჩენილი მეცნიერების აკაკი შანიძისა და იან ბრაუნის ხსოვნას ეძღვნება.
მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, გავხსნა წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენცია საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაივლის და ხელს შეუწყობს ქართველოლოგიური მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას.
მსურს ვისარგებლო შემთხვევით და დიდ მადლობა გადავუხადო პროფესორ დავით ყოლბაიას, რომლის ძალისხმევითა და თაოსნობით ვარშავის უნივერსიტეტში ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ქართული საქმე კეთდება. ამის ნათელი დადასტურებაა ქართველოლოგიური ჟურნალი “Pro-Georgia”, რომელიც 1991 წელს სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა. წელს ჟურნალს 30 წელი შეუსრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ჟურნალმა “Pro-Georgia”ჩაუყარა საფუძველი პოლონურ ქართველოლოგიას: ვარშავის უნივერსიტეტში ქართული ენის, მწერლობისა და ეკლესიის ისტორიის შესწავლას“.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალის “Pro-Georgia” საიუბილეო გამოცემა მიეძღვნა პროფესორსა და თეოლოგიის დოქტორს ჰენრიკ პაპროცკის, რომელმაც სათავე დაუდო გრიგოლ ფერაძის მემკვიდრეობის შესწავლას. ჰენრიკ პაპროცკის მიერ მომზადებული დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა გრიგოლ ფერაძის კანონიზება.
გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები შვედეთიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან.