14-12-2021
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია მასტერკლასს აგრძელებს და ონლაინ ლექციების მეორე ციკლს დავით ჩხიკვიშვილის ვიდეოგაკვეთილებით იწყებს. ყველას, ვინც ჟურნალისტიკითაა დაინტერესებული და სურვილი აქვს იცოდეს, როგორ იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი, მედიასკოლა აძლევს შესაძლებლობას უფასოდ, ონლაინ რეჟიმში პროფესიონალი ოპერატორის სალექციო კურსით მიიღოს ცოდნა.
დავით ჩხიკვიშვილის სალექციო კურსი 6 მასტერკლასს მოიცავს, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორიცაა ომისა და დემონსტრაციების გადაღება, ახალი ამბის გაშუქების ტექნიკა, საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ა.შ.
დავით ჩხიკვიშვილი მასტერკლასით დაინტერესებულ მსმენელებს გამოცდილებას უზიარებს თუ როგორ უნდა მოვყვეთ ისტორია კადრით- ტექსტის გარეშე, როგორ უნდა დავგეგმოთ გადაღება, შევარჩიოთ სწორად განათება, ფოკუსი და კომპოზიცია და რაც მთავარია, რა უნდა ვიცოდეთ კონფლიქტის თუ საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას, ასევე როგორ ვმართოთ სტრესი.
დავით ჩხიკვიშვილი უკვე 28 წელია სააგენტო „როიტერის" ოპერატორია, გადაღებული აქვს მსოფლიო მასშტაბით ათასობით მნიშვნელოვანი მოვლენა, ასობით დემონსტრაცია და არაერთი ომი.
ჩხიკვიშვილმა ოპერატორად მუშაობა 32 წლის წინ დაიწყო და მისი ვიდეოარქივი მოიცავს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კონფლიქტების უნიკალურ კადრებს, რომელსაც მასტერკლასში გიზიარებთ - მათ შორის აფხაზეთის, აგვისტოს ომის, ჩეჩნეთის, ავღანეთის, ერაყის, უკრაინისა და არაერთი სხვა ომის ამსახველ ვიდეო მასალას. ჩხიკვიშვილმა აგვისტოს ომზე გაშუქებული რეპორტაჟებისთვის, ნიუ იორკში წლის საუკეთესო ისტორიისთვის ჯილდო მიიღო.
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის ონლაინ მასტერკლასი 2020 წელს დაიწყო და მაყურებელს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ონლაინ ლექციებით ისწავლონ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. მასტერკლასის პირველი ციკლი ოთხი ავტორის: ჟურნალისტის ეკა ბერიძის, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილის, ჟურნალისტის თამთა სანიკიძის და ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილის 30 სალექციო კურსს მოიცავდა. პირველი ციკლის ონლაინ ლექციები ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტმა ნახა.
მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა ონლაინ ლექციებზე - ეს არის მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა, რომელსაც უსმენ და უყურებ შენთვის ხელსაყრელ დროს და ადგილას.
ონლაინ მასტერკლასი ახალი ავტორებით მომავალშიც გაგრძელდება, მედიააკადემიას დაგეგმილი აქვს არა ერთი საინტერესო ავტორის მიწვევა, რათა კურსი იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო ფართო აუდიტორიისთვის.