16-12-2021
„ძალიან კარგად ვხედავთ პრობლემებს, ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა მიმართულებით გვექნება სამუშაო მომავალ პერიოდში და იმედი მაქვს, რომ დღეს კონსტრუქციული, თუნდაც კრიტიკული მსჯელობა შედგება და საბოლოო ჯამში, ის მიმართული იქნება იქითკენ, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დღეს დაგეგმილი „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლის წინ.
„მინდა ვთქვა, რომ დღეს გარკვეულწილად უპირატეს მდგომარეობაში ვარ ბევრ ჩემს კოლეგასთან შედარებით, რადგან წლის ბოლოს მომიწია პარლამენტის წინაშე გამოსვლა და ეს ერთგვარი ანგარიში და წლის შეჯამება იქნება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს - მაღალი ეკონომიკური გამოცოცხლება და აღდგენა, ექსპორტის ზრდა და ა.შ. ძირითადი აქცენტი, მინდა, პრობლემებზე გავაკეთო, რადგან არცერთი მიღწევა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, ნამდვილად არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს.
მისივე თქმით, პარლამენტის წინაშე ისაუბრებს იმ ძირითადი შედეგების შესახებ, რაც 2021 წელს ეკონომიკაში გვაქვს, თუმცა მისი გამოსვლის დიდი დრო დაეთმობა იმ მძიმე პრობლემებზე საუბარს, რომლებიც მოიტანა პანდემიამ და რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას, მათ შორის როგორიცაა ფასების ზრდა და ინფლაცია, სიღარიბესთან ბრძოლის აუცილებლობა, მეტი დასაქმება.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების მიზნით მის უწყებას საინტერესო გეგმები, პროექტები და პროგრამები აქვს, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და რომლებიც ახლო მომავალში ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში არსებობს იმის მყარი ხედვა და მოლოდინი, რომ ინფლაცია, ფასების ზრდა როგორც მოკლევადიან პერიოდში, ასევე ერთი წლის განმავლობაში დავა იმ მიზნობრივ ნიშნულამდე, რაც მას მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ახასიათებდა.