გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თსუ-ში საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენა გაიხსნა

21-12-2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენა გაიხსნა, რომელზეც ბოლო 5 წლის განმავლობაში თსუ პროფესორების, მეცნიერების, მკვლევრების მიერ საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული წიგნები იყო წარმოდგენილი.


ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ქართველი მწერლები და ლიტერატურით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ამ გამოფენით სამეცნიერო წიგნის ფესტივალს ჩაეყრება საფუძველი, რაც სამეცნიერო ლიტერატურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. „ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენს გამომცემლობაში დიდი რაოდენობით წიგნი გამოიცა, უმეტესწილად სამეცნიერო ლიტერატურა, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე, ასევე, აფხაზურ და ოსურ ენებზე. გვაქვს გამოცემები, რომლებიც უცხოეთში გამოიცა. გვსურს,

სამეცნიერო ლიტერატურის ფესტივალს ჩაეყაროს საფუძველი და მზად ვართ, ჩვენ ვიყოთ ამ ფესტივალის მასპინძლები,“ – განაცხადა თსუ რექტორმა.


„წიგნის გამოფენა საუკეთესო საშუალებაა ჩვენი სტუდენტებისთვის ნახონ, რომ მეცნიერები ისევ ვწერთ მათთვის, ვწერთ ერთმანეთთან გასაზიარებლად და უცხოური გამომცემლობები ბეჭდავენ ჩვენს შრომებს,“ – აღნიშნა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თსუ გამომცემლობა, რომელიც მალე 100 წლის გახდება, გამოსცემს არა მხოლოდ თსუ პროფესორების, არამედ უცხოელი კოლეგების და ყველა იმ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის შედეგებს, რომლებიც აკადემიურ სამეცნიერო სივრცეში იქმნება.


გამოფენაზე თსუ პროფესორმა, ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“ მთავარმა რედაქტორმა გიორგი ლობჟანიძემ განახლებული „პირველი სხივის“ მეორე ნომერი წარადგინა, რომელიც სხვადასხვა თაობის ავტორების ნამუშევრებს აერთიანებს. „პირველი სხივი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთ სავიზიტო ბარათად და ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოცემად იქცა, სადაც ავტორებს დაბეჭდვა უხარიათ.“


ფართო საზოგადოების წინაშე, საუნივერსიტეტო წიგნის გამოფენაზე, პირველად გამოიფინა ლურსმული ტექსტებიდან ლოცვებისა და ჰიმნების გამოცემის თარგმანები მარკ შაგალის ილუსტრაციებით. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო სამსონიამ აღნიშნა, რომ გამოცემის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.


ღონისძიებაზე თსუ კურსდამთავრებული ვასილ მაღლაფერიძე, საავტორო გადაცემის „ჩემი საქართველო“ და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიმედიური პროექტის „საქართველო 360“ განხორციელებისთვის და მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა. „დედა უნივერსიტეტი ყოველთვის განათლებისა და მეცნიერების განვითარებას ემსახურებოდა და ჩვენი აზროვნების საფუძველს ქმნიდა. ქართული მეცნიერება გამოდის სტაგნაციიდან და ვითარდება,“ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


თსუ–ის შვიდივე ფაკულტეტისა და 16 სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის, აგრეთვე, თსუ ბიბლიოთეკის მიერ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოცემული 800-მდე წიგნი მეცნიერების სხვადასხვა დარგის სხვადასხვა მიმართულების უახლეს კვლევასა და აღმოჩენებს ასახავს. გარდა ამისა, ამ პერიოდში რამდენიმე ასეული ონლაინ სამეცნიერო გამოცემა მომზადდა.