29-12-2021
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, რომლის ორ უწყებად გაყოფაც იგეგმება, 9 დეპარტამენტია, სადაც, დაახლოებით, 120 თანამშრომელი მუშაობს.
მისი თქმით, სამსახურის თანამშრომლების საკითხზე, მმართველ გუნდში იმსჯელეს და შემუშავებულია კონკრეტული სამართლებრივი ნორმატიული პროექტიც. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დოკუმენტის მომხსენებლის თანხმობის შემთხვევაში, დეპუტატებს ინიციატივას მეორე მოსმენამდეც შესთავაზებენ.
„საგამოძიებო დეპარტამენტი - გთავაზობთ, რომ ავტომატურად, კანონის ძალით, საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს საკუთარი პოზიცია და შესაბამისად, ისინი წარმოდგენილნი იქნებიან ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული;
რაც შეეხება საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცველ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტსა და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ასევე, მრჩეველს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში - ესაა ის დეპარტამენტები და პოზიცია, რომლებიც განეკუთვნებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვას და გთავაზობთ, რომ შესაბამისი თანამშრომლები, რა თქმა უნდა, დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და მრჩევლის ჩათვლით, ავტომატურად, უკონკურსოდ იყვნენ წარმოდგენილნი ახალ სამსახურში - პერსონალური მონაცემების ნაწილში;
სამართლებრივად, შედარებით რთულია საკითხი, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციული ფუნქციების მატარებელ დეპარტამენტებს. ინფორმაციული ტექნოლოგოები და მონიტორინგი, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, ეკონომიკური დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და გენინსპექცია - ეს 7 დეპარტამენტი ადმინისტრაციული ფუნქციებითაა დატვირთული. ამ შემთხვევაში, გთავაზობთ, რომ, საკუთარი არჩევნისა და ნების შესაბამისად, თითოეულ თანამშრომელს მივცეთ საშუალება, ამ ორ სამსახურში გადანაწილდნენ. ამით, უზრუნველყოფილი იქნება ამ დაახლოებით 120 თანამშრომლის გადაყვანა ორ ახალ სამსახურში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო.
ცვლილებების პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნას ითვალისწინებს.