29-12-2021
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მედიაში სიძულვილის ენის რეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროდირექტივის შესაბამისად, ევროპის ქვეყნების მსგავსად, აუცილებელია მოხდეს აღნიშნული საკითხის რეგულირება. კახა ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია, როგორც მედიის ზედამხედველი ორგანო ვალდებულია მოახდინოს მედიაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ისაუბროს მედიაში სიძულვილის ენის, ყალბი ინფორმაციის და დეზინფორმაციის პრობლემის მოგვარებაზე. მისივე განცხადებით, კომუნიკაციების კომისია ანგარიშებით გამოვლენილ პრობლემებზე და გამოწვევებზე ღიად საუბრობს და სხვა შინაარსობრივი რეგულირებით მედიის ცენზურაზე არსებული ბრალდებები არასწორია.
„კომუნიკაციების კომისია, როგორც დარგის ზედამხედველი ორგანიზაცია და სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, რომ ამ დარგში არსებულ პრობლემებს გაუკეთოს იდენტიფიცირება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაღელვებს ის საკითხი, რომ მედიაში იზრდება სიძულვილის ენის ხარისხი, მედიაში იზრდება ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებისა და დეზინფორმაციის რაოდენობა და ხარისხი. ჩვენს მიმართ პრეტენზია ამაზე უნდა იყოს პირიქით, თუ ამ პრობლემებზე არ ვილაპარაკებთ, ან არ შევიმჩნევთ და ვაღიარებთ პრობლემის არსებობას. მაგრამ ჩვენს ოპონენტებს უნდათ, რომ ასეთ მძიმე პრობლემებზე კომუნიკაციების კომისიამ თვალი დახუჭოს და ჩუმად იყოს. როგორ შეიძლება არ ვისაუბროთ ამ პრობლემებზე. ამიტომ ჯერ-ჯერობით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენი ბოლო ორი კვლევით, თვისებრივი წინასაარჩევნო მონიტორიგით გამოიკვეთა და ანგარიშებით დავდეთ. ევროდირექტივის შესაბამისად, სიძულვილის ენა რეგულირებული უნდა იყოს, და ყველა ევროპულ ქვეყანაში დღეს რეგულირებულია. რაც შეეხება სხვა შინაარსობრივ რეგულირების საკითხებს, ამაზე ჯერჯერობით არანაირი მექანიზმები, მითუმეტეს არანაირი პროექტი არ არსებობს. ამიტომ, რასაც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი ამბობს, რომ იგეგმება ცენზურა და მექანიზმების შემოღება, არასწორია“ - განაცხადა კახა ბექაურმა.