30-12-2021
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კადეტებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დატვირთული მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარადგინეს. კადეტებს დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებული მომავალი უსურვა.
„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენი და თქვენი თაობის ახალგაზრდების ცოდნასა და ღირებულებებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა მომავალში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სულისკვეთებით გააგრძელებთ სწავლას, შექმნით თქვენს პირად და ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
კადეტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.
საახალწლო ღონისძიება კადეტთა ნახატების გამოფენითა და საახალწლო ვახშამით დასრულდა.