12-01-2022
სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ, - ასე აფასებს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს. მისი განმარტებით, გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სასამართლოსგან განაჩენის სრულყოფილი დასაბუთება ჩაბარდებათ.
„სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი და ვადასტურებდით ბრალდებულების ბრალეულობას. სამივე ბრალდებული ცნობილია დამნაშავედ ჯგუფურად თაღლითობის ჩადენაში, სასამართლომ სხვა კვალიფიკაცია მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას, გავეცნობით განაჩენს და ამის შემდეგ გავასაჩივრებთ. ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის ეს დადასტურდა, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ”, - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გულისხმობდა, გადაუკვალიფიცირდათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.
რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 25/194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვე პუნქტით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას გულისხმობდა. მას მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალი 25/180-ე მუხლის მეორე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.