გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა

13-01-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი, სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.


მიხეილ ჩხენკელმა კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებული შტატებს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.


მიხეილ ჩხენკელი: „ძვირფასო მოსწავლეებო, გამომგონებლებო, გილოცავთ გამარჯვებას! ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის და პროფესორისთვის, ორმაგად სასიხარულოა, რომ ვხედავ ამდენ ახალგაზრდას, რომლებიც დაინტერესებული არიან მეცნიერებით. სწორედ თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი საქართველოში კონკურენტუნარიანი ახალი პროდუქტების, აპლიკაციების, საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნა.
მოგეხსენებათ, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპერების გაძლიერებას. მთავრობისა და ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ რომ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარება გახლავთ. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება.


დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ამერიკის საელჩოს, ამერიკელ ხალხს, პირადად ელჩს – მის აღმატებულება კელი დეგნანს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის, აგრეთვე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ხელშეწყობისათვის.


განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ათასწლეულის ფონდსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის მიღმა თქვენ ახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც საქართველოში მომავალი თაობის – თანამედროვე ტექნოლოგების, ინჟინრებისა და გამომგონებლების ხელშეწყობას ემსახურება.


ახალგაზრდებო, კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას!“


ათასწლეულის ინოვაციის მთავარი პრიზი – აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება მოიპოვა გუნდმა „ელფები“ პროექტით „კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორის კონსტრუირება“. გუნდში ხუთი მოსწავლეა: ანასტასია ჩალაგაშვილი (მე-6 საავტორო სკოლა), პანტელეიმონ კობახიძე (სკოლა „აია-GESS“), მარიამ მიქაძე (სკოლა „აია-GESS“), თამარ მაღრაძე (სკოლა „აია-GESS“) და გეგა ხაჩიძე (ვ. კომაროვის N199 საჯარო სკოლა). პროექტის მიზანია დახურულ სივრცეში ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდა, დანადგარის საშუალებით, რომელიც ახდენს ჰაერში მყოფი სხვადასხვა მოლეკულების იონიზაციას.


მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა, რომელიც შედგება კომაროვის თბილისის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან, შექმნეს „სმარტ კოსტიუმი“ ნითილონის ნივთიერების გამოყენებით, რომელიც აფიქსირებს ადამიანის სხეულის მოძრაობას და ამოძრავებს კიდურებს ნითინოლში დენის გატარების საშუალებით. „სმარტ კოსტიუმს“ შეუძლია სამედიცინო რეაბილიტაციაში ადამიანების დახმარება, რომლებსაც გადატანილი დაავადების ან ტრავმების შედეგად შეზღუდული აქვთ ფიზიკური შესაძლებლობები.


მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა „GoalDiggers”, რომელიც შედგება გორის, მესტიის, ქუთაისის და სენაკის სკოლის მოსწავლეებისგან, შექმნეს რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მასწავლებლის დამხმარე „კოლეგა“. რობოტის გამოყენება სასწავლო პროცესში მარტივი და სახალისოა. ის მოსწავლეს ეხმარება შეისწავლოს ანბანი, ფერები, გეომეტრიული ფიგურები და პირობითი ნიშნები, ასევე შეამოწმოს თუ რა ისწავლა მოსწავლემ და აძლევს შესაბამის უკუკავშირს.


საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში, თიბისი ბანკმა, ჯეოლაბმა და აკადემიამ „ლეტერატო“.
მიუხედავად პანდემიისა, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2021 წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა. 2020-2021 წლის კონკურსში მონაწილეობა 300-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურის პირველ ეტაპზე 64 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 45% – თბილისიდან, ხოლო 55% – რეგიონის სკოლებიდან იყო. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა თერთმეტი გუნდი თბილისის, გარდაბნის, გორის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისის და სენაკის სკოლებიდან.


ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2,000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.