4-05-2018
ქუთაისში, ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელი და სტუმრები თამბაქოს მოწევის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს, მათ შორის ორი, რომლებიც პოლიციელებს არ დაემორჩილნენ, დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ქუთაისში გუშინ საღამოს მოხდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავებს ერთ-ერთმა მოქალაქემ შეატყობინა.
“ერთ-ერთ კაფე-ბარში მოქალაქის ზარის და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც გამოძახება იყო თამბაქოს კანონის დარღვევის შესახებ. პატრულ-ინსპექტორები შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. სამი მოქალაქე არღვევდა თამბაქოს შესახებ კანონს. ერთ-ერთი მათგანი დაჯარიმდა შესაბამისი მუხლით, ხოლო ორ მათგანს პატრულმა მოუწოდა, რომ აღარ მოეწიათ დახურულ შენობაში. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციას. ორივე მათგანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. გარდა ამისა, დაჯარიმდა კაფე-ბარის მფლობელიც, რადგან შენობაში სადაც ინციდენტი მოხდა, თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ბანერი არ ჰქონდა და კანონის შესაბამისად ისიც დაჯარიმდა“ – აცხადებენ შს სამინისტროში.
დაკავებულებს პოლიცია წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას (მუხლიდ 173) ედავება.
166-ე მუხლი სანქციის სახით 100 ლარით დაჯარიმებას ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს 15 დღემდე ვადით.
173-ე მუხლი სანქციის სახით 250 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 ითვალისწინებს 15 დღემდე ვადით.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.