გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 100 წლის იუბილე მიულოცა

16-01-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლისაა. პირველი საიუბილეო ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად გახსნა.

 

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. შედეგად, შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აკადემიური ინფრასტრუქტურა.

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას იუბილე მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „გილოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს!საუკუნის წინ, დღევანდელ დღეს – 16 იანვარს – დაარსდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს გახლდათ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების ისტორიაში. 

 

საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებას მასშტაბური მოსამზადებელი საქმიანობა უძღოდა წინ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა საინჟინრო განათლების მქონე ქართველი პროფესიონალების მცირე ჯგუფი. სწორედ მათი თავდაუზოგავი შრომითა და დიდი ძალისხმევით საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. 

 

1918 წელს ქვეყნის გამოჩენილმა მეცნიერებმა შეძლეს პირველი ქართული ეროვნული განათლების კერის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, რომლის წიაღშიც 1922 წლის 16 იანვარს, საფუძველი ჩაეყარა პოლიტექნიკურ ფაკულტეტს, რომელიც მოგვიანებით უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. ასე იქცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  საინჟინრო განათლების პირველ კერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარების საქმეში და ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებაში.

 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ 100-წლიანი ტრადიციისა და უდიდესი გამოცდილების უნივერსიტეტი იუბილეს მოდერნიზაციის ამბიციური პროექტით ხვდება, რომლის მიზანია საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებებით ლიდერი ინსტიტუციის პოზიციის შენარჩუნება და გაძლიერება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. 

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საინჟინრო უმაღლეს სკოლებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს – ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ჩანაფიქრის – „ენგურჰესის“ მშენებლობიდან დაწყებული და კოსმოსში ქართული კოსმოსური ობიექტის – რეფლექტორის გაშვებით გაგრძელებული.

 

უნივერსიტეტის მაღალი სამეცნიერო შედეგები მიღწეულია შესაბამისი პროფილის მსოფლიო სახელის მქონე წარმატებულ ინსტიტუტებთან (CERN, KEK, Fermilab და მრავალი სხვა) კოლაბორაციით. 

 

განსაკუთრებულად მსურს გამოვყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი მიღწევები – თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), რაც, გამოცდილ მეცნიერებთან ერთად, ჩვენს ახალგაზრდებსაც უხსნის ახალ შესაძლებლობებს“. 

 

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს მონაწილეობა მიიღო ისტორიულ მოვლენაში – ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. მინისტრის შეფასებით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით.

 

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლებს ზუსტად ისეთივე პირობები და უფლებები აქვთ, როგორიც ევროკავშირის ქვეყნების მეცნიერებს. საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას უკვე აქვს წვდომა 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე.

 

მინისტრის თქმით, საქართველოში დაფუძნდა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი მისია აქვს – ის უზრუნველყოფს ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციასა და კოორდინირებულ მუშაობას. ასევე დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. 

 

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით Horizon Europe-ის ოფისი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც დაფუძნდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლობისთვის Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში მონაწილეობით ახალი შესაძლებლობები იხსნება.

 

მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს პოლიტიკაზე უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი მიღწევები განსაკუთრებულად გამოყო, კერძოდ, ისაუბრა ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომლის  ფარგლებში ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდა.  გარდა ამისა, უნივერსიტეტში მზადდება 6 პროგრამა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაციის მისაღებად. 

 

მიხეილ ჩხენკელი უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი.

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხარდაჭერას უცხადებს სასკოლო განათლებასაც. ათასწლეულის ინოვაციის 2021 წლის რიგით მე-7 კონკურსის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული მოსწავლეთა გუნდი გახდა. ახალგაზრდები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამასა და საზაფხულო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე სკვერში სტუმრებმა მომავლის სტუდენტებისთვის კაფსულა ჩადეს, რომელიც 2072 წელს, 150 წლის იუბილეზე გაიხსნება. გზავნილში სამომავლო სურვილებია გადმოცემული.

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოიფინა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ნამუშევრები, საარქივო მასალები და სტუ-ს მიმდებარე სარეკრეაციო ზონის მოწყობის გეგმის მოდელირებული ესკიზები. გარდა ამისა, გაიმართა დიღომში მშენებარე სტუ-ს ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის პრეზენტაცია.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, ოქტომბრის თვეში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას,  დაგეგმილია მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან მოწვეული სტუმრები უცხოეთიდან – აკადემიური წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.