1-02-2022
მინდა მივმართო, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს და თანამებრძოლებს რეგიონებში, როგორც საკრებულოს წევრებს, ისე მის მხარდამჭერებს, რომლებიც თავის დროზე, მართლაც შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, დღეს ისინი გახარიას ბრალეულობით, ნებსით, თუ უნებლიეთ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მხსნელის როლს ასრულებენ.
ვარწმუნებ მათ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვერც ვერაფერი გაათეთრებს და ვერც ვერაფერი გადაარჩენს, მისი რეანიმაცია შეუძლებელია და დროზე დაანებონ ამ ალიანსს თავი, ნუ მოიჭრიან საკუთარ ამომრჩევლებთან და ქართველ ხალხთან მისვლის გზას“ - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სოზარ სუბარი გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს მმართველ გუნდს მოეჩვენა, რომ გახარია-სააკაშვილის პარტიებმა პოლიტიკური ალიანსი გააფორმეს რუსთავში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და სხვა მუნიციპალიტეტებში.
„მინდა გამოვეხმაურო ამ დარბაზში გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს ჩვენ მოგვეჩვენა, რომ გახარიას და სააკაშვილის პარტიებმა პოლიტიკური ალიანსი გააფორმეს რუსთავში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და სხვა მუნიციპალიტეტებში. მოგვეჩვენა, თითქოს ამ ორმა პარტიამ გუშინ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ და ერთ-ერთ მოადგილედ გახარიას პარტიის წევრები აირჩია, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ისიც მოგვეჩვენა, თითქოს პოლიტიკური ქორწინების ამ ფაქტს გუშინვე რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გულმხურვალედ მიესალმა პატიმარი სააკაშვილი. მოგვეჩვენა, რომ თითქოს გუშინვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ლელომ და გახარიას პარტიამ სამტრედიაში გააკეთეს განცხადება, რომ ქმნიან ერთობლივ ფრაქციას და თითქოს ეს ფაქტი არ არის პოლიტიკური ალიანსის მკაფიო ნიშანი. ისიც მოგვჩვენებია, რომ 20 იანვარს სააკაშვილისა და გახარიას პარტიებს შორის გაფორმებული პოლიტიკური ალიანსის შემდეგ, ამ ალიანს სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით მიესალმა. ვციტირებ: „მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის კორნელი სალიას არჩევას, ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული“.ანუ ნაციონალური მერი გადაარჩინა ამით გახარიას პარტიამ“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
აქვე მან გაიხსენა გიორგი გახარიას მიერ პრემიერის პოსტზე გაკეთებული განცხადებები.
„ამ ყველაფრის შემდეგ სალაპარაკო ბევრი არაფერი იქნებოდა, მაგრამ მაინც მინდა წარსულში გაკეთებული სხვა ტიპის განცხადებები გავიხსენო და აი რამდენიმე მაგალითი. 2019 წლის 6 სექტემბერს ამავე დარბაზში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე არის ტყუილი და სიცრუე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და დარჩება ქუჩაში. ემუქრებოდა - მე თქვენ დაგასრულებთ და თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა. სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურ შეჭრას ჰქვია შტურმი. ამას ჰქვია როგორც მინიმუმ ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე. მანვე ამავე პარლამენტში 2020 წლის 20 ივნისს თქვა - „პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტის შენობაში შეჭრა არის სისხლის სამართლის დანაშაული“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ამ განცხადებების ავტორი 2021 წლის 21 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანმდებობებიდან გადადგა იმისთვის, რომ სწორედ პარლამეტზე შტურმსა და პოლიციელებზე თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკანორ მელია დაკავებისგან დაეხსნა და კანონის აღსრულებისთვის ხელი შეეშალა.
„ამის შემდეგ, ამ განცხადებების ავტორი 2021 წლის 21 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანმდებობებიდან გადადგა იმისთვის, რომ სწორედ პარლამეტზე შტურმსა და პოლიციელებზე თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკანორ მელია დაკავებისგან დაეხსნა და კანონის აღსრულებისთვის ხელი შეეშალა. კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ, 2021 ოქტომბრის არჩევნებში გიორგი გახარიამ ძალიან კარგად იცოდა, რომ თბილისის არჩევნებში არა თუ მოგების შანსი არ ქონდა, არამედ ერთნიშნა ნიშნულს ვერ აცდებოდა, მაგრამ ერთადერთი მიზნით დადგა მერობის კანდიდატად, რომ ნიკანორ მელია, როგორმე გადაეყვანა მეორე ტურში და ამიტომ, ძალიან ლოგიკურია, როცა დღეს გახარია და მისი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში შედის ყველგან, სადაც ამის შანსი მიეცემა. კარგად ვიცი, რომ მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი არ აქვს, მინდა მივმართო, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს და თანამებრძოლებს რეგიონებში, როგორც საკრებულოს წევრებს, ისე მის მხარდამჭერებს, რომლებიც თავის დროზე, მართლაც შეცდომაში იყვნენ შეყვანილი ამ პარტიის მიერ, დღეს ისინი გახარიას ბრალეულობით, ნებსით, თუ უნებლიეთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მხსნელის როლს ასრულებენ. ვარწმუნებ მათ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ვერც ვერაფერი გაათეთრებს და ვერც ვერაფერი გადაარჩენს, მისი რეანიმაცია შეუძლებელია და დროზე დაანებონ ამ ალიანს თავი, ნუ მოიჭრიან საკუთარ ამომრჩევლებთან და ქართველ ხალხთან მისვლის გზას“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.