1-02-2022
„ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი ოპოზიციის რიტორიკა აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებების ტონს, რასაც უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები აკეთებენ",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს უკრაინის და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი დაძაბულობის შემცირება და ომის თავიდან აცილებაა.
„სწორედ ვითარების დეესკალაციას ემსახურება უკრაინის პრეზიდენტის და მთლიანად უკრაინის ხელისუფლების განცხადებებიც და ქმედებებიც. მაგალითად, 25 იანვარს პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიტყვასიტყვით თქვა შემდეგი: „სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში კონტროლს ექვემდებარება, პანიკისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს". იმავე დღეს, იგივე გაიმეორა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექს დანილოვმაც:
„უკრაინის ხელისუფლება სიტუაციას სრულად აკონტროლებს და საზოგადოებას პანიკისთვის არავითარი საფუძველი არ აქვს."
შემთხვევითი არ არის, რომ ეს ტექსტები წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს - სწორედ ამ განცხადებებში ჩანს უკრაინის ეროვნული ინტერესი.
ამ დროს აქ, ამ დარბაზში, ჩვენი ოპოზიციონერები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, განგაშს ტეხენ, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მალე შეწყვეტს არსებობას. კიდევ უფრო შორს მიდის მათი ლიდერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მან ციხიდან მორიგი ოპუსი გამოაგზავნა და განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს რუსეთი, დღე-დღეზე, არა მხოლოდ უკრაინაში გეგმავს ფართომასშტაბიან შეჭრას, არამედ იმავე დღეებში აიღებს ანაკლიას და ფოთს",- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე შეფასებით, უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა დელიკატურად უპასუხა ოპოზიციის წარმომადგენელ ნატო ჩხეიძეს, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე სამხედრო შანტაჟზე, ოკუპაციაზე, ბორდერიზაციასა და პოლიტიკურ კონფორმიზმზე ისაუბრა.
„საინტერსო ცვლილებაა ქალბატონი ნატოს რიტორიკაში და მაპატიეთ, თუ ვერ ვიქნები ისეთივე დელიკატური, როგორიც გიორგი ხელაშვილი იყო. მინდა, საზოგადოებას შევახსენო რამდენიმე ფაქტი უახლოესი წარსულიდან.
2017 წლის 3 დეკემბერს ქალბატონი ნატო თავისი პარტიის წევრებთან ერთად მოსკოვში შეხვდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა და ევრაზიაში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეონიდ კალაშნიკოვს და მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივებზე და რუსეთი-ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის შექმნაზე, სადაც, ალბათ, რუსეთს უნდა გადაეწყვიტა ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები.
ალბათ სიმბოლურია, რომ მოლაპარაკებები სწორედ დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან წარმოებდა და არანაკლებ სიმბოლურია, რომ ნატო ჩხეიძე პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" სიით შემოვიდა.",- განაცხადა დეპუტატმა.
სოზარ სუბარმა ისაუბრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის რეზოლუციაზეც.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრმა ამ დარბაზში რიტორიკული კითხვა დასვა - ვინ არის კონფლიქტის წყაროო. ამას გვეკითხება იმ პარტიის წევრი, რომელმაც 2008 წელს, სტრასბურგში, ხელი მოაწერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას 1633, რომლითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს დააბრალა აგვისტოს ომის დაწყება, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და კასეტური ბომბების გამოყენება.
ხატია დეკანოიძემ გაიხსენა თავისი უკრაინული კარიერის პერიოდი. თუ არ მეშლება, ხატია დეკანოიძე იქ მსახურობდა მიხეილ სააკაშვილთან და დავით საყვარელიძესთან ერთად.
და ალბათ, არაა შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დავით საყვარელიძემ, „ნაციონალური მოძრაობის" თანაგუნდელმა და სააკაშვილის მარჯვენა ხელმა, რამდენიმე დღის წინ, კონფლიქტის დაწყების მცდელობაში პირდაპირ დაადანაშაულა უკრაინისა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი. აი რა თქვა მან: „უკრაინის დაშინების კამპანია გრძელდება ყველა მხრიდან - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და მთავარი მტრის, რუსეთის ერთობლივი ძალებით! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს.."
და ბოლოს: კარგი იქნება, თუ ოპოზიცია მხარს დაუჭერს რეზოლუციას, თუმცა, იმის მიუხედავად, ამას გააკეთებენ თუ არა, ეს იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და მტკიცე მხარდაჭერა მეგობარი უკრაინელი ხალხისა და რეგიონში სტაბილურობისთვის",- განაცხადა სოზარ სუბარმა.