3-02-2022
მიმდინარე თვეებში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, თუმცა მიმდინარე თვიდან ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებას - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას.
მისი თქმით, ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა და საქართველოშიც ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.
„ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, რაც არაერთხელ აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. ეს მსოფლიო ტენდენციაა და საქართველო, სამწუხაროდ, ვერ იქნება გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში, ეს იყო გამონაკლისი პერიოდი, თუმცა მიმდინარე თვიდან უკვე ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებასა და შემცირებას", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ინფლაციის მაჩვენებელი 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში.
„მინდა, ასევე, გამოვეხმაურო უსაფუძვლო კრიტიკას, რომელიც ხორციელდება ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. როცა ის პოლიტიკური ძალა იყო ხელისუფლებაში, საშუალოდ, ყოველი მეოთხე თვე იყო ორნიშნა ინფლაცია და ჩვენს საუკუნეში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2011 წელს დაფიქსირდა, როცა 14%-ზე მაღალი იყო. ასე რომ, შედარებისთვის ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.