3-02-2022
„რა ტერმინოლოგიაც დავამკვიდრეთ 90-იანი წლების პერიოდში, საგანგებო მნიშვნელობის არის დღესაც, მაგრამ მივუთითებდი იმის აუცილებლობაზე, რომ ზოგადად, მოხსენებებში და მათ შორის, თქვენს მოხსენებაში უფრო სიღრმისეულად შეიძლება გაანალიზდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. ეს არ არის მხოლოდ რუსეთის თემა. ჩვენ დაპირისპირებული ვართ პოლიტიკური, სამხედრო, უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ რეალურად, ის ვითარება რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნა, არა მარტო ქართველების მიმართ არამედ, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზების და ოსების მიმართ არის სასტიკი და წინააღმდეგობებით აღსავსე", - ამის შესახებ პირველმა ვიცესპიკერმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, ევროპარლამენტარ, სვენ მიქსერს მოუსმინეს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მოხსენებაში სიტუაციის აღწერა მხოლოდ ცალსახად იმ ტერნიმებით, რომ ეს არის ოკუპაცია და საფრთხე - არსებობს ადამიანური ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ამ რეგიონებში პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
„ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება რასაკვირველია, იმ დიპლომატიური სტანდარტის დაცვით, რომ არ ვავნოთ გარკვეულ პოზიტიურ პროცესებს იქნებოდა საგანგებოდ მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.