3-02-2022
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედეა ჯანიაშვილმა 2022 წლის იანვრის თვის სტატისტიკური მონაცემები შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შედეგი სწორად დაგეგმილი აქტივობებისა და მარკეტინგული კამპანიების შედეგია.
“იანვრის თვე ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი შედეგით დავიწყეთ, რაც შედეგია იმ სწორად დაგეგმილი აქტივობებისა და განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების, რომელიც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების კუთხით გავაკეთეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით კერძო სექტორის წვლილი ძალიან დიდია"-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
2022 წლის იანვარში საქართველოში 199,393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615 შეადგინა. აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა +456%-ს შეადგენს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლი აცხადებს, რომ იანვრის თვის სტატისტიკა კიდევ უფრო პოზიტიურ მოლოდინს აჩენს.
„ჩვენი მთავარი მიზანი, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსი მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავუთანაბრდეთ 2019 წლის მონაცემებს. 2019 წელი ტურისტების რაოდენობის მიხედვით რეკორდული გვქონდა. შესაბამისად წელს, იანვარში, უკვე გვაქვს საერთაშორისო ვიზიტორებში 38%-იანი აღდგენა, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობაში კი 53%-იანი აღდგენა. ეს გარანტიაა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები და ვივარაუდოთ, რომ 2022 წელი ძალიან პოზიტიური იქნება“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.