გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავამ ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

3-02-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.


შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის პროცესისა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.  
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის DCFTA - ის ამოქმედების შემდეგ ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მისი თქმით, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 19 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი ბრუნვის 21 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2021 წელს 2014 წელთან შედარებით, ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი დაახლოებით 71% -ით გაიზარდა და მან 962 შეადგინა.  


შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმების ამოქმედება დიაგონალური კუმულაციის შესახებ, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე. მსგავსი შეთანხმება საქართველოს გაფორმებული აქვს უკრაინასთან.  


აღინიშნა, რომ საქართველო ახორციელებს საკუთარი მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირთან სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიმართულებით. განხორციელებული რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა საქართველოში წარმოებული გარკვეული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის განხორციელება ევროკავშირის ბაზარზე.


შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, დიგიტალიზაციის და სხვა მიმართულებებით.


აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მომზადდა ანაკლიის პროექტისთვის განახლებული ტვირთნაკადების პროგნოზი და ბიზნეს მოდელი, ასევე, მოხდა ახალი მარკეტინგის სტრატეგიისა  და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა. აღნიშნული სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით მიმდინარე წელს დაიწყება ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.