24-11-2017
აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ზოგ სოფელში 1 მეტრზე მეტია. უამინდობის, უშუქობისა და ასევე ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ზოგ ბაღსა და საჯარო სკოლაში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.
ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორის ირაკლი რიჟვაძის ინფორმაციით, უშუქობისა და ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის 20 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ 4 ბაღში (მეკეიძეების, რიყეთის, საციხურისა, დაბის) განახლდა.
ელექტროენერგიის არ ქონის გამო შუახევის 6 ბაღში – ჭვანის, უჩამბის, ხიჭაურის, ბარათაულის, ჭალისა და წყაროთას ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ქედის ბაღების გაერთიანების დირექტორის, აიშე თებიძის ინფორმაციით, უშუქობას აქ პრობლემები არ შეუქმნია: „ყველა ბაღი მომარაგებულია შეშით, თუმცა 14 ბაღიდან ბავშვები მხოლოდ 4 ბაღში გამოცხადდნენ – ხარაულის, დოლოგნის, მახუნცეთისა და ცხმორისის N2 ბაღში“.
აჭარის მთიანეთში სასწავლო პროცესი სულ 12 სკოლაში არ მიმდინარეობს – ხულოს ცხრა საჯარო სკოლაში, ქედის ერთ და შუახევის ორ სკოლაში. რესურსცენტრების ინფორმაციით, 11 სკოლაში სასწავლო პროცესი ბავშვების გამოუცხადებლობის გამო შეწყდა, ხოლო ხულოს ერთ – თხილვანის საჯარო სკოლაში – ელექტროენერგიის გათიშვის გამო.
ქედა
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"