8-02-2022
აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ „აზერენერჯის" პრეზიდენტ ბალაბაბა ჰუსეინაღა ოღლუ რზაიევთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია ენერგეტიკის სფეროში. ამავე დროს, ითქვა, რომ დღის წესრიგშია ქვეყნებს შორის არსებული ელექტროენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, რათა მან სრულად დააკმაყოფილოს არსებული მოთხოვნები და გამოწვევები. მხარეებმა ისაუბრეს დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიმართულებით ერთობლივი პროექტების მიმდინარეობაზე.
რომეო მიქაუტაძემ „აზერენერჯის" ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიზანია დარგში თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დამკვიდრება, კონკურენციის განვითარება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ადგილობრივი მომხმარებლის უფლებების მეტ დაცვას.
დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემების დასაკავშირებლად დამატებითი ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობაზე.