გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ-ში „შემოდგომის ლეგენდა 2021"-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

11-02-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა2021“-ის გამარჯვებულების დაჯილდოება ონლაინ ფორმატით გაიმართა. პირველი ადგილი და კონკურსის პრიზი  მარიამ ქავთარაძემ მოიპოვა ნაწარმოებისთვის „კურდღლები ჩვენს ეზოში“, მეორე ადგილზე გავიდა თაკო წულაია („ვის ეშინია უილიამ შექსპირის?“), ხოლო მესამეადგილოსანი გახდა გურამ ხარშილაძე („პეპლების მომთვინირება“).


სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.


„მადლობა იმ დღეებისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ, მიღებული გამოცდილებისთვის, ორგანიზატორთა ენთუზიაზმისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ხარისხს მუდმივად ინარჩუნებთ,“-განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა მარიამ ქავთარაძემ.


წელს კონკურსზე რამდენიმე სიახლე იყო: ლეგენდის ახალი პარტნიორი - აჭარა ჯგუფის წარმომადგენელი ბრენდი „რუმს კოხტა“ გახდა. სწორედ ამიტომ 2021 წელს ლეგენდა არა კახეთში, არამედ ბაკურიანში ჩატარდა. ფინალისტებმა სამი დაუვიწყარი დღე ტყის პირას მდებარე რუმს კოხტას სასტუმროში გაატარეს და ახალი ნაშრომები თემაზე - „ჯიბეში ნაპოვნი ნივთ(ებ)ი“ შექმნეს. გარდა ამისა წელს სიახლე იყო ფინალისტების რიგებში, ათეულში ლეგენდის შემოქმედებითი მასტერკლასის გამარჯვებული მოხვდა, რომელმაც გარანტირებული ფინალისტობა „წერის არქიტექტურის“ მთავარ პრიზად მიიღო.


კონკურსის ჟიურიმ წლის სამი საუკეთესო ავტორი ფინალური ტურის შემდეგ შეარჩია. თსუ-ის მიერ დაწესებული საპრიზო ფონდიც სწორედ სამ გამარჯვებულზე განაწილდა: I ადგილი - 1000 ლარი, კონკურსის სიმბოლო და რუმს კოხტა ბაკურიანში ორდღიანი ვაუჩერი, II ადგილი - 700 ლარი,
III ადგილი - 500 ლარი. ტრადიციულად, კონკურსის ფინალური ნაშრომებისგან შემდგარი ნაბეჭდი კრებული ცერემონიაზე დამსწრე ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა.


თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე მიესალმა კონკურსის ფინალისტებს და გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.

 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება სტუდენტების მხარდამჭერი. ეს ლიტერატურული კონკურსი ბევრი ახალგაზრდა შემოქმედისთვის იქცა ტრამპლინად, „შემოდგომის ლეგენდა“ გახდა უკვე რამდენიმე ცნობილი მწერლისთვის ბიძგის მიმცემი  და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება,“-განაცხადა ლაშა საღინაძემ.

 

„რუმს კოხტა“ წლებია ხელოვნების პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კვლავ გავაგრძელებთ სხვადასხვა ფორმატით თანამშრომლობას. მოხარულები ვართ, რომ სტუდენტურმა ლიტერატურულმა კონკურსმა ნაყოფიერად ჩაიარა,“- განაცხადა „რუმს კოხტას“ წარმომადგენელმა ელენე პაატაშვილმა.

 

წლევანდელ კონკურსში სიახლე იყო ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაშიც: მწერალთა ტრადიციულ სამეულს - დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი - ახალგაზრდა მწერალი სანდრო ლორთქიფანიძე და მთარგმნელი გურამ ღონღაძე შეემატნენ, ჟიურის მეექვსე წევრი იყო შარშანდელი გამარჯვებული გოდერძი გორგილაძე.

 

თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი  „შემოდგომის ლეგენდა ტრადიციული, ყოველწლიური პროექტია და იგი 2009 წლიდან ტარდება. მისი მიზანი ქართულ ლიტერატურაში ახალი სახეების აღმოჩენა და დამკვიდრებაა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთნენ.