გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ქართული ოცნების" პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება

13-02-2022

„ქართული ოცნების" პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


"გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია პარტიაში დაგეგმილი სტრუქტურული სიახლის შესახებ.


პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია.


როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა.


ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად.


სხვადასხვა გარემოების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენმა პარტიამ შეძლო 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ 3 ქალი კანდიდატის წარდგენა, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები, არსებითად, მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ. ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ.


ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში.


ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის.


ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში.


უახლოეს მომავალში გაიმართება „ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. მოგვიანებით, გაიმართება ქალთა ორგანიზაციის 11 საქალაქო და რეგიონული კონფერენცია, რომელიც აირჩევს საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ბიუროებს.


მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ქალების როლის გააქტიურებას არა მხოლოდ პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს საზოგადოებაში ქალების უფლებების დაცვისა და ინტერესების რეალიზებისათვის" - განაცხადა კობახიძემ.