9-05-2018
ტყიბულში, გამგეობის შენობასთან 2017 წლის 9 მაისს დაღუპული ოთხი მეშახტის ოჯახების სოლიდარობის აქცია გაიმართება. ამის შესახებ 1tv წერს.
მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია 17:00 საათზე დაიწყება და მას სტუდენტური მოძრაობები „აუდიტორია 115” და „მწვანე მუშტი” შეუერთდებიან. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შრომის კანონმდებლობის შეცვლაა.
როგორც აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, მეშახტეების უმძიმეს მდგომარეობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.
„თერთმეტი თვის განმავლობაში თერთმეტი მეშახტე დაიღუპა ამ ქალაქში. სოლიდარობის აქციას უერთდება სტუდენტური მოძრაობები „აუდიტორია 115“ და „მწვანე მუშტი“ და მოვითხოვთ შრომის უსაფრთხოების ზრდას. იმ ადამიანებს, რომლებიც დაშავებულები არიან და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან, დაკარგული აქვთ შრომის უნარი, უნდა დაენიშნოთ პენსია, იყვნენ უზრუნველყოფილნი არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვინაიდან ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო დღევანდელი შრომის კანონმდებლობამ და სახელმწიფომ, რომელიც არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მინდელის შახტში, 2017 წლის 9 მაისს, ოთხი მეშახტე დაიღუპა.