9-05-2018
რუსთავში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, დილიდან რუსთავში დიდების ხეივანში, გმირთა მეორიალთან შეიკრიბნენ.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებმა, ომის ვეტერანებთან და ჩოხოსნებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
„მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად, ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ქართველი და საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები წავიდნენ. ამდენად, ჩვენი ქვეყნის მიერ გაღებული წვლილი, მსოფლიოში ყველაზე დიდი საშიშროებისა და საფრთხის დამარცხების საქმეში, ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები ცოტანი დარჩნენ, მაქსიმალური ზრუნვა, მოფერება და ყურადღებაა საჭირო, რათა მინიმალურად მაინც მივაგოთ პატივი მათ უზარმაზარ ღვაწლს, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ კაცობრიობის წინაშე“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ.
დღესვე ირაკლი ტაბაღუა და კახა კობერიძე, რუსთავში მცხოვრებ ორ ვეტერანს, 95 წლის მარგარიტა წერეთელსა და 94 წლის ბონდო მანჯგალაძეს, სახლში ესტუმრნენ. მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„ვეტერანებს, რომელთაც დიდების ხეივანში მოსვლა ვერ შეძლეს, სახლში ვესტუმრეთ და ასე გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა მათ მიმართ. ამ ადამიანებმა დიდ ისტორიულ ომში მიიღეს მონაწილეობა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, მათ შეძლეს და მსოფლიოს ერების უდიდეს ნაწილთან გაერთიანების შედეგად, ეს ბოროტება, რომელიც ფაშიზმად იწოდებოდა, დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
9 მაისთან დაკავშირებით, რუსთავში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობისგან ყოველწლიურად ფულად ჯილდოს ღებულობენ. რუსთავში, მეორე მსოფლიო ომის 13 მონაწილე და მათთან გათანაბრებული 47 ე.წ. კადრის მუშაკი ცხოვრობს.
"ინტერპრესნიუსი"