გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში სტალინის ქუჩისთვის სახელის გადასარქმევად პეტიცია მომზადდა

9-05-2018

საინიციატივო ჯგუფმა „მარო“ (სახელი შერჩეულია მარო მაყაშვილის პატივსაცემად) გორში, ცენტრალური ქუჩისთვის იოსებ სტალინის სახელის გადარქმევის მოთხოვნით პეტიცია მოამზადა. მოქალაქეებმა პეტიციით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს, თუმცა გორის მერია პეტიციის ტექსტს ვებგვერდზე ამ დრომდე არ აქვეყნებს, რის გამოც მასზე ხელმოწერა შესაძლებელი არ არის.

„როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, რუსეთთან ომით დაზარალებული ქალაქის მთავარი ქუჩა დღემდე სტალინის სახელს ატარებს, ეს შეუსაბამობაში მოდის ქვეყნის მიერ არჩეულ დასავლურ კურსთან, ჩვენს ღირებულებებთან.

ამიტომ, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მივმართავთ გორის მერს, წარადგინოს ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე, რათა საკრებულომ იმსჯელოს სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ“, - ამბობს ნინო დალაქიშვილი, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ქუჩა რომ სტალინის სახელს ატარებს, ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონთან „თავისუფლების ქარტია“, რომლის მიზანიც არის კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა; კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

„გორი არ არის წითელი. აქ მცხოვრებ ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებებიც გვაქვს. უკვე მესამე წელია ორგანიზებას ვუკეთებთ ფორუმს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტოტალიტარიზმის გააზრებას. საბჭოთა სენტიმენტებს მაქსიმალურად იყენებს რუსული პროპაგანდა, რომელთან ბრძოლაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა“, - ამბობს ნინო დალაქიშვილი.

სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნის საჯაროდ დაფიქსირების გამო, ნინოს თქმით, ის და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრები, სოციალური ქსელის იმ ჯგუფებში, სადაც გორის მცხოვრებლები არიან გაერთიანებულები, შეურაცხყოფის და აგრესიის ადრესატები გახდნენ.

„ჩვენ არ შეგვითავაზებია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, თუკი ისინი სტალინის ქუჩისთვის სახელის შეცვლაზე საკითხის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას მოახერხებენ, რა დაარქვან ქუჩას, თუმცა გვაქვს ჩვენი მოსაზრებები. შეიძლება ეწოდოს მარო მაყაშვილის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ან იაკობ გოგებაშვილის ქუჩა“, - აღნიშნავს ნინო დალაქიშვილი.

reginfo.ge