გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთის მთავრობა მორიგ სკანდალში ეხვევა - რუსლან აბაშიძის უწყებაში აუდიტის სამსახურმა მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა

21-02-2022

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ ბოლო პერიოდში ატეხილი აურზაური არ ცხრება.


უწყება კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა.


საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომელიც მიმდინარე წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა.


დასკვნა სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს მიერ დახარჯული საბიუჯეტო სახსრების შესაბამისობას ეხება.


აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქმის შესწავლისას შემდეგი ფაქტები გამოვლინდა:


1. აქტივის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენება;
2. გამოუყენებელი უძრავი ქონება;
3. კონსტრუქციების დანაკლისები;
4. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი;
5. დაკავშირებული მხარეების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტები;
6. პროგრამების შემუშავებისას არსებული ხარვეზები;
7. პროგრამების შესრულების ნაკლოვანებები.


"სააგენტოს სარგებლობის უფლებით ბალანსზე ერიცხება მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა. აღნიშნულ ფართზე სააგენტოს მიერ დაგეგმილი იყო დაფნის პირველადი გადამუშავების საამქროს მოწყობა და შემდგომი ფუნქციონირების პირობებში როგორც დევნილთა დასაქმება, ასევე მიღებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად შესაბამისი სარგებლის მიღება. თუმცა, დაგეგმილი პროგრამა ფაქტობრივად ვერ განხორციელდა და დაფნის ნერგები განადგურდა, ხოლო შენობა-ნაგებობა არაუფლებამოსილი ფიზიკური პირის სარგებლობაშია, რომელსაც ფართზე მოწყობილი აქვს დაფნის საშრობი. შესაბამისად, შენობა-ნაგებობა (მიწასთან ერთად) და იქ განთავსებული აქტივები გამოიყენება მართლზომიერი და კანონიერი საფუძვლის გარეშე" - ნათქვამის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.


უწყების ინფორმაციითვე, საქმეში იკვეთება აგრეთვე უძრავი ქონების გამოუყენებლობის ფაქტი, ვინაიდან, სააგენტოს ბალანსზე ერიცხება ოთხი ერთეული მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები, რომელთაც სააგენტო არ იყენებს რაიმე კონკრეტული დანიშნულებით. შესაბამისად, ფაქტობრივად დაკარგულია ის სარგებელი, რომელიც შესაძლოა მიიღოს სააგენტომ აღნიშნული აქტივების დანიშნულებისამებრ გამოყენებით.


არანაკლებ სკანდალურია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის ის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციების დანაკლისეს ეხება. დასკვნის თანახმად, სააგენტოს მიერ იჯარის ხელშეკრულებებით გაცემული სასათბურე კონსტრუქციებიდან, რიგ შემთხვევაში არ დასტურდება ბენეფიციართათვის კონსტრუქციების ფაქტობრივი გადაცემის ფაქტები. გარდა აღნიშნულისა, 2020 წელს კვლავ განხორციელდა კონსტრუქციების შესყიდვა და ბენეფიციართათვის იჯარით გაცემა, თუმცა ადგილზე გადამოწმებით გამოვლინდა, რომ ბენეფიციართა ძირითად ნაწილს არ მიუღია აღნიშნული კონსტრუქციები. შესაბამისად, ვერ დასტურდება 31,915 ლარის ღირებულების აქტივების არსებობა.


აუდიტის ჯგუფის მიერ აქტივების ადგილზე დათვალიერებით აგრეთვე, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისიც გამოვლინდა.
კერძოდ, სააგენტოს ბალანსზე რიცხული სოფელ ქვალონში მდებარე კონტეინერი არ აღმოჩნდა მითითებულ მისამართზე. ასევე, სააგენტომ მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაატარა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოავლინა 113,126,29 ლარის (59 დასახელების აქტივი) დანაკლისი. აღნიშნულის შესახებაც ინფორმაცია სააგენტომ მიაწოდა მაკონტროლებელ სტრუქტურას.


რაც შეეხება დაკავშირებული მხარეების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პროგრამების სააგენტოში 2019-2020 წლებში დასაქმებული უფროსი სპეციალისტი იყო სსიპ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ოჯახის წევრი (მეუღლე), რითაც დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ასევე, სააგენტომ 2019-2020 წლებში, ჯამში − 125,896 ლარის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა და, შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრები გადაუხადა სსიპ-ის დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ხელშემწყობი პროექტებისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის ოჯახის წევრის ახლო ნათესავს. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტია.


საქმის შესწავლისას აუდიტის სამსახურმა პროგრამების შემუშავებისას არსებული ხარვეზებიც გამოავლინა.


კერძოდ, სააგენტოს მიერ ადმინისტრაცული ხარჯების პროგრამისათვის არ იყო განსაზღვრული პროგრამის მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც მიღწეული შედეგების შეფასების საშუალებაა. ასევე სააგენტოს დანარჩენი პროგრამებით განსაზღვრული მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორები ატარებდა ზოგად ხასიათს. შესაბამისად, ვერ ხერხდება მიღებული შედეგის ზუსტი შეფასება.


რაც შეეხება პროგრამების შესრულების ნაკლოვანებებს, სააგენტოს 2019-2020 წლების პროგრამების შესწავლით გამოვლინდა, რომ მოქმედი 10 პროგრამიდან ოთხი ფაქტობრივად არ შესრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ გაწერილი იყო ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო და გახარჯულია საბიუჯეტო სახსრები, საბოლოო დაგეგმილი შედეგი ვერ იქნა მიღწეული. შედეგად, სააგენტოს მხრიდან 2019-2020 წლებში არამიზნობრივად არის გახარჯული, ჯამში − 252,643 ლარის საბიუჯეტო სახსრები.


აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი სკანდალი, რაც აფხაზეთის მთავრობასთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში გაჟღერდა. მათგან ერთ-ერთი ჯერ კიდევ 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა, როდესაც პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა.


საინფორმაციო პორტალი region.ge აგრძელებს უწყების ხარჯების მონიტორინგს, რომლის შესახებ ვრცელ მასალას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.



მასალა მოამზადა მარიამ თევზაძემ