21-02-2022
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა კორეის რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსს, კიმ დაე ჯის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და გამოცდილების გაზიარების ასპექტებზე ისაუბრეს. ამასთან, სამხრეთ კორეის საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაინტერესდა საქართველოში წარმატებით განხორციელებული დღგ-ის ავტომატური დაბრუნების რეფორმით და თავის მხრივ, ქართველ კოლეგებს გაუზიარა გამოცდილება კორეის რესპუბლიკის საგადასახადო ადმინისტრაციის გაციფრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს დღგ-ის რეფორმის შესახებ, რომელიც თავისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს უპრეცედენტო რეფორმას საგადასახადო სისტემაში.
„შემოსავლების სამსახური ორიენტირებულია მუდმივ წინსვლასა და განვითარებაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრული გაციფრულების პროცესის დაჩქარება საგადასახადო ადმინისტრაციაში. სამხრეთ კორეის საგადასახადო სისტემას, როგორც FTA-ს (საგადასახადო ადმინისტრაციების ფორუმი) კოლეგა წევრ ადმინისტრაციას ყოველთვის ინტერესით ვადევნებთ თვალს, ვეცნობით სხვადასხვა ანგარიშებს და ვფლობთ ინფორმაციას დიგიტალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ კუთხით თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მივესალმები, საქართველოსა და სამხრეთ კორეის საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა ლევან კაკავამ.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა კორეის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა კილაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა თაბაგარი.