10-05-2018
კომპანია ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლები ჩივიან, რომ გორის შპალსაჟღენთმა ქარხანამ უხარისხო ხის განძელების (შპლების) გაყიდვით დაახლოებით 1,3 მლნ ლარი, უკანონო სარგებლის სახით, მიიღო. ამის გამო, თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.
გორის სასამართლომ პირიქით მომჩივანი კომპანია დააჯარიმა, დაახლოებით, 300 ათასი ლარით, რადგან შპალსაჟღენთი ქარხანა 2 წლის განმავლობაში ჩინეთის კომპანიისთვის მიყიდულ შპლებს საკუთარი ხარჯით ინახავდა.
საქმე ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება. ამბავი დედაქალაქის შემოვლითი რკინიგზის პროექტს უკავშირდება. ,,გორის შპალსაჟღენთ ქარხანაში“ ამბობენ, რომ დავა, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო, დღესაც გრძელდება.
როგორც ცნობილია, 2012 წლიდან, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა და ქვეკონტრაქტორმა სს ,,ხიდმშენმა“ დაიწყო და მალე გაჩერდა. მშენებლებმა ,,გორის შპალსაჟღენთი ქარხნისგან“ რამდენიმე ათასი ხის განძელი (,,შპალი“) შეისყიდეს.
,,ჩინეთის რკინიგზის ბიუროს ჯგუფმა“ 2015 წლის 30 მარტს გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა და ქარხნისგან მოითხოვა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 1 156 000 ლარის ანაზღაურება; ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით - 145 000 ლარის გადახდა; ასევე, პირგასამტეხლოს სახით - 30 000 ლარის დაკისრება.
,,ჩინეთის რკინიგზი ჯგუფის“ წარმომადგენელი საჩივარში განმარტავს, რომ მან როგორც ხელშეკრულების მხარემ გადაიხადა როგორც ავანსი, ასევე ნაწილობრივი კონსიგნაცია საერთო თანხით 1 156 237,50 (ერთი მილიონ ას ორმოცდათექვსმეტი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი, რის დაბრუნებასაც ითხოვს
რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს - 145 000 ლარს, ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ თუკი ზემოხსენებულ თანხას საბანკო დეპოზიტზე განათავსებდა და შპლებს არ იყიდდა, იგი ამ ოდენობის სარგებელს მიიღებდა.
გორის შპალსაჟღენთი ქარხნის წარმომადგენლობამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხის განძელების (შპლების) ჩაბარების დროს, კომპანია ,,ჩინეთის რკინიგზის ჯგუფს“ პრეტენზია არ ჰქონია.
,, მიღება-ჩაბარების აქტებში აღნიშნულია, რომ მყიდველმა შეამოწმა და მიიღო (ჩაიბარა) პროდუქცია, რომელიც შეესაბამებოდა სახელმწიფო სტანდარტებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს.“ - აღნიშნავს შპალსაჟღენთი ქარხნის იურისტი.
,,ჩინეთის რკინიგზის ჯგუფს“ ექსპერტიზის დასკვნები აქვს, რომლის თანახმად, ხის განძელები გამოუსადეგარია და აღარ ექვემდებარება ექსპლუატაციას. თავის მხრივ, ,,შპალსაჟღენთი ქარხნის“ წარმომადგენლობა ირწმუნება, რომ ,,ჩინეთის რკინიგზის ჯგუფმა“ ექსპერტიზები მასალის შესყიდვიდან 2 წლის შემდეგ მოიპოვა.