23-02-2022
თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ეზოში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ეზოში იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის თქმით, იუნკერების იდეალები ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო იყო და ამ იდეალებისკენ სწრაფვა უნდა გავაგრძელოთ. თავისუფლებისკენ და ქვეყნის გაერთიანებისკენ გზა კი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, სტაბილურობაზე, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე და სიმშვიდეზე გადის.
„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ დაღუპული გმირების, იუნკერთა ნათელ ხსოვნას. ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ მოვლენამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის მაშინდელი ისტორია. მოვლენამ, რომელმაც პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყანა რეალური განვითარების ტემპს, პროცესებს მოწყვიტა და დიდი ხნის განმავლობაში დაგვაშორა საერთო ევროპულ ოჯახს. ამ დღეს სწორედ გმირმა ახალგაზრდებმა, იუნკერებმა დაგვიტოვეს მაგალითი, რომელიც მრავალი თაობისთვის დღესაც სახელმძღვანელოდ რჩება. მრავალი ათეული წლის განმავლობაში მათი თავდადება, თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ჩვენს მეხსიერებაში დარჩა.
დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. რა თქმა უნდა, იუნკერებმა თავი შეწირეს საკუთარი სამშობლოს დაცვას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, მაგრამ, ვერ შეაჩერეს ის უზარმაზარი, ძლევამოსილი წითელი არმია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. მათი ეს თავგანწირვა დარჩა ლეგენდად, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოდ დარჩა. დღეს მე აღვნიშნე, რომ ვართ დამოუკიდებელნი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი ტერიტორიულ მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცება და აღდგენა. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერის გამთლიანება, რომლის გარეშეც, პრაქტიკულად, მიუღწეველია ეს დიდი, თითოეული ქართველის, ჩვენი თითოეული მოქალაქის, ყველას ოცნება და მე მჯერა, რომ ეს გზა თავისუფლებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, სიმშვიდეზე და ჩვენი ერის გაერთიანებაზე. ამიტომაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომლებიც იყო იუნკერების იდეალები და ეს იყო ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იუნკერების ნათელ ხსოვნას და ვუსურვებ ჩვენს ხალხს გაერთიანებას, სიმტკიცეს და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.