23-02-2022
ციხის ადმინისტრაციას და პენიტენციურ დაწესებულებას 2 000 პატიმრის შიმშოლობის გამოცდილება აქვს, როგორღაც კიდევ ერთი პატიმრის შიმშილობას მართავენ და საკმაოდ წარმატებულად. სხვა დანარჩენი სპეკულაციები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატიმარ სააკაშვილზე საუბარი მისთვის საინტერესო აღარ არის.
„ჩემთვის აღარ არის საინტერესო საერთოდ არც დამნაშავეებზე, არც ყოფილ დამნაშავეებზე, არც დაკავებებზე საუბარი. ის იმ დროს, იმ მოცემულ მომენტში იყო ერთგვარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა. გვქონდა მტკიცე რეაგირება, გავეცით პასუხი ყველას საკადრისი, როგორიც უნდა გაგვეცა და ყველას მოვუჩინეთ ადგილი, ეს რაც შეეხება მელიასთან დაკავშირებულ კითხვას. რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მე პრინციპულად განვაცხადე, რომ აღარ მსურს პატიმარზე საუბარი. მე ამ ადამიანზე ვსაუბრობდი მანამ, სანამ ის იყო რეალური საფრთხის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. მას შემდეგ, რაც მისი დაკავება ჩვენ განვახორციელეთ პირველ ოქტომბერს, იგი ჩემთვის აღარ არის საინტერესო და არჩევნების დროს ბუნებრივია მე, როგორც პოლიტიკოსი და პოლიტიკური კამპანიის ხელმძღვანელი ხშირად ვსაუბრობდი. ახლა ჩემთვის აღარ არის საინტერესო არც პატიმარი. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ციხის ადმინისტრაციას და პენიტენციურ დაწესებულებას 2 000 პატიმრის შიმშოლობის გამოცდილება აქვს, როგორღაც კიდევ ერთი პატიმრის შიმშილობას მართავენ და საკმაოდ წარმატებულად. სხვა დანარჩენი სპეკულაციები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას,"- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ თითქოსდა პატიმარ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მას უკრაინელმა კოლეგებმა თხოვეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არ არის ასე. საუბარი გვქონდა ზოგადად და მე ამის თაობაზე გავავრცელე კიდევაც საჯარო განცხადება. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახლმწიფო და ვინც ჩვენი ქვეყნის კანონებს პატივს არ სცემს, შესაბამისად მეც აბსოლუტურ იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნის თუ მათი ხელმძღვანელების მიმართ, ეს ზოგადად, მინდა, რომ ცხადად ვთქვა. ისეთი ვითარებაა მსოფლიოში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არა თუ სხვა ქვეყნებზე, პატიმრებზე მითუმეტეს ფიქრობდეს ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი. ეს ხომ აბსურდია. მე საერთოდ ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას, რომ ასეთ აბსურდზე მიწევს კომენტარის გაკეთება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.