6-11-2017
„სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, ან მე შევაკვდები ან მოვკლავ ვინმეს“, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 94 წლის მარტოხელა ოლია თოდუამ, რომელიც ზუგდიდის სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს და 150 წლის მაგნოლიის გაყიდვა არ სურს. ამბობს, რომ ბოლო დროს მისთვის უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ხის წაღების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობენ. თავდაპირველად მას რადიო „ათინათის“ გადამღები ჯგუფიც „ხის მაძიებლები“ ეგონა და საპირისპიროს დასამტკიცებლად საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა.
"მილიონი რომ მომცენ, ამ ხეს მაინც არ გავყიდი. არა, ფულს გამოვართმევ, გავახვევ და დავუბრუნებ... ყოველი სტუმარი, რომელიც ჩემს ეზოში შემოდის, ამ ხის წამღები მგონია, მკლავენ ნერვიულობით“, - ამბობს ოლია ბებო.
გვიყვება, რომ ეზო, სადაც მთელი ცხოვრება ოჯახთან ერთად გაატარა და მაგნოლიის ხე დგას, მამამისისთვის დავით დადიანს უჩუქნია. ამბობს, რომ მამამისი დაოჯახებამდე სამეგრელოს მთავართან მსახურობდა და ცხოვრობდა.
"პატარა ვიყავი, როცა მამა ამ ხის შესახებ მიყვებოდა. მე რომ პატარა ვიყავი, ეს ხე უკვე დიდი იყო... სულ პატარა ნერგი მოუტანია მამას სოფელ რუხიდან, არ ვიცი, ვინ მისცა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას უმიზეზოდ არ დარგავდა. მამა დავით დადიანთან მსახურობდა, დაოჯახება რომ გადაწყვიტა. ეს მიწაც დადიანმა მისცა მას. ეს ადგილი ნაეკლესიარია და აქ მიცვალებულების სამარხებია, ვფიქრობ, აქ მაგნოლია სწორედ ამიტომ დარგეს“, - თქვა მან.
მაგნოლიას ფესვები თითქმის მთელ ეზოში აქვს გადგმული, ისისნი ოდა სახლის ქვეშ და დამხმარე ნაგებობებშიც აღწევენ.
„ამ ხეს ვუვლიდი, ტოტებსაც კი არ ვაჭრიდი. ეზოში დაყრილ ფოთლებს სათითაოდ ვაგროვებდი. სახლიც კი არ ავაშენე... საძირკველი რომ გამეკეთებინა, ფესვებს საფრთხეს შევუქმნიდი“, - ამბობს ოლია ბებო და დასძენს, რომ ეს ხე მისი ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული.
გადაადგილება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ყოველდღე გადის ეზოში, რათა დარწმუნდეს, რომ ხე ისევ ადგილზეა.
მეზობლების ინფორმაციით, ხის წაღება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდიდან შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადასატანად რამდენიმე ხეს ამზადებენ. სოფელ ინგირში, კერძო საკუთრებაში არსებული ასწლოვან მუხის ამოღების სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას უახლოეს დღეში წაიღებენ.
წყარო: რადიო "ათინათი"