28-02-2022
მაშინ, როცა კიევში ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მაგონებს, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი, წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს და ხალხს „მიშა, მიშა" აძახებინეს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ჯერ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს და მერე იფიქროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე.
„ბუნებრივია, დღეს ყველანი სოლიდარულნი ვართ, ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებთ იმას, რაც ხდება უკრაინაში. ხალხი იღუპება და იბომბება მთელი უკრაინა, კიევი და სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, უნდა ითქვას, მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, მაშინ, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და „მიშა, მიშა" აძახებინეს. წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს. ისევ ვიმეორებ, რომ დღესაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ამ ძალიან ბევრი გულანთებული, ქართველის, პატრიოტის კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ. ყველაფერში, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესებს ეძებენ. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან განიცდიან, რომ დღეს აქ ომი არ არის და ვინმეს თუ უფიქრია, რომ დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით?! ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში. ეს პირდაპირ უნდა ითქვას, მეგობრებო. ჩვენ ამას არ უნდა მოვერიდოთ. ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, რომ მე და ჩვენ ყველას, მთელ ხელისუფლებას გვაქვს პატივი, მაგრამ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ბუნებრივია, მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.