28-02-2022
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ხაზგასმით განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა და იქ საომარი მოქმედებების წარმოება, სრულიად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღინიშნა საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. ელჩის შეფასებით, საქართველოს პოზიცია მკაფიო და ცალსახაა, რაც დასაფასებელია. საუბრისას, ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას, რაც ძლიერი გზავნილია ევროპული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევისკენ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა და აღინიშნა, რომ ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ვაშინგტონის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე აშშ-ის ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.