28-02-2022
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და საქართველოს ვეტერანები, ვინც იარაღით ხელში იცავდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ყველაზე უკეთ იცის მშვიდობისა და სიცოცხლის ფასი, გულწრფელ სოლიდარობას გამოვხატავთ სამშობლოს დამცველი უკრაინელების მიმართ! - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩვენ, საქართველოსა და უკრაინას, ერთი გვაქვს ტკივილი!
ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა, 1993 წელს, სოხუმის მისადგომებთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ახალგაზრდა უკრაინელი მებრძოლის, ლეონიდ ობუხის მამის სიტყვები, წარმოთქმული შვილის ცხედართან:,,თუ რუსებს დღეს მდინარე გუმისთაზე ვერ შევაჩერებთ, ხვალ დნეპრის ნაპირებზე მოგვიწევს თავის დაცვა".
გვჯერა, ჩვენი გმირების სამშობლოსათვის დაღვრილი წმინდა სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენი ერების სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გამარჯვებით დამთავრდება!
ღმერთი იყოს უკრაინისა და საქართველოს მფარველი!!!" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.